საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 28 თებერვალს დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მოქალაქე თამარ ხიდაშელის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული სარჩელით საიამ სასამართლოს 2008 წლის ოქტომბერში მიმართა და მოითხოვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. ხსენებული ნორმის შესაბამისად, თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვდა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო 6 თვემდე. ეს კი, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევდა, ექვსი თვის განმავლობაში, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ფარული მოსმენები ეწარმოებინათ კონკრეტული პირების მიმართ, რითაც ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სადავო ნორმის აღნიშნული შინაარსით წაკითხვას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე - საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლებელი იყო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის განხორციელება სასამართლო კონტროლის გარეშე. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მომხდარიყო ვადის გაგრძელება მათ შორის ისეთი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარებაზე, რომლებიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს. ეს კი იწვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა აღნიშნული კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შესაბამისად, დააკმაყოფილა საიას სარჩელი და სადავო ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად.
2012-02-29 10:51 სრულად ნახვადღეს, 2012 წლის 24 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პუბლიკაციის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგი განახორციელეს. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა სატელევიზიო მაუწყებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ზემოაღნიშნულ თემაზე 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის იანვრამდე, დამტკიცებული ყველა სამართლებრივი აქტი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზით გამოვლინდა, რომ მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა 2008 წლიდან 2011 წლამდე უკანონოდ შეიზღუდა, რითაც ხელი შეეშალა ქვეყანაში მედია პლურალიზმის განვითარებასა და სატელევიზიო მედიის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. ამასთან, სანქციების დაწესებისას, კომისიამ სხვადასხვა სუბიექტების მიმართ რიგ შემთხვევებში, არაერთგვაროვანი მიდგომით იმოქმედა.
2012-02-24 16:23 სრულად ნახვაგუშინ 23 თებერვალს, დღის 13:00 საათზე საქართველოს 8 ქალაქსა და თბილისის 7 უბანში ერთდროულად კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, გურჯაანში, ბოლნისში, ასევე თბილისის უბნებში: ვაკეში, ვარკეთილში, გლდანში, ვაგზლის მოედანზე, რუსთაველსა თუ თავისუფლებაზე მოსახლეობის აქტიურობა არ წყდებოდა. ორგანიზატორები კანონის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, სიტყვიერი განმარტების პარალელურად, სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ. შეხვედრების მიზანი მოსახლეობის ინფორმირება გახლდათ, როგორც ახალი საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვების , ასევე კამპანიის „ეს შენ გეხება“ შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შეეძლო პეტიციაზე ხელის მოწერა, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება“. კამპანიის ფარგლებში მომზადდა, საკანონმდებლო ცლილებების მოთხოვნით, პეტიცია და საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელიც პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა. პეტიციას უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მოქალაქეთა აქტიურობა გრძელდება და კამპანიის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.
2012-02-24 12:59 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მასთან არსებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ანალიზსა და სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი საჯარო დისკუსიების პლატფორმის ფორმით განხორციელდება, სადაც მონაწილეების მყარი ჯგუფისთვის გაიმართება ლექციებისა და დისკუსიების ციკლი პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში, ასევე ფილოსოფიასა და სამართალში. ლექციების მიზანია თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში არსებული ალტერნატიული დისკურსების გააზრება და მათი პარადიგმიდან ქართული სამოქალაქო საზოგადოების ანალიზი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 დისკუსია, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათ საღამოს. ლექციებს შესაბამისი დარგის სპეციალისტები წაიკითხავენ. პროექტის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრებს მოუწევთ თეორიული და პრაქტიკული ხასიათის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, კონკრეტული სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება და ლექციის თემატიკასთან დაკავშირებით მოკლე ანალიზის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ საია ხელს შეუწყობს დაინტერესებული მონაწილეების სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას.
2012-02-24 10:32 სრულად ნახვატრენინგი ორდღიანია და ჩატარდება ქ.ბათუმში 2012 წლის 17-18 მარტს დილის 10:00სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილება შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ (GMEDIA) ფარგლებში.
2012-02-20 12:13 სრულად ნახვაარასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის 17 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ ეწინააღმდეგებიან 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულ საკანონმდებლო რეალობას და პარლამენტს მისი შეცვლისკენ მოუწოდებენ. კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნას 200-მდე მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია და 400-მდე ინდივიდუალური ხელმომწერი ჰყავს. საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს უპასუხოს კანონით დადგენილი ფართო, დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გონივრულ რეგულირებას დაუქვემდებაროს კანონის მოქმედების ქვეშ არსებული სუბიექტები სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, მისი მიზანია საკანონმდებლო ხარვეზები და ბუნდოვანებები ნათელი რეგულაციებითა და პროცედურებით ჩაანაცვლოს.
2012-02-16 20:00 სრულად ნახვადღეს 12 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, 2011 წლის დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, პეტიციაზე ხელმოწერა გაიმართა. ღონისძიებას ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი უძღვებოდა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას პეტიციის ტექსტი გააცნო და ხელმოწერისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე საუბარი იყო კამპანიის სამომავლო გეგმებზეც, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხვალ დღის 14 საათზე საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში შეტანა.
2012-02-16 13:50 სრულად ნახვაარასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:• ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;• მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; • განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას;• სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; • აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.
2012-02-13 14:13 სრულად ნახვა„ნუ სდევნით არასამთავრობო სექტორს!“, „ნუ კლავთ სამოქალაქო აქტივიზმს!“, „ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ ვართ!“, „განასხვავეთ პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან“ - აღნიშნული მოწოდებებით გუშინ, 8 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატის შენობის წინ კონტროლის პალატის ის უკანონო გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (nGnI) პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, წარმოადგენს სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ქვეყანაში. ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტიკური პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვების გამოყენება კონტროლის პალატის მიერ ხდება უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის, არამედ სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგაც.
2012-02-09 12:40 სრულად ნახვა2012 წლის 8 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძირითადი პრობლემები საქართველოში“. მრგვალი მაგიდის მიზანს 2011 წლის პირველ ნახევარში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში ჩატარდა.
2012-02-09 11:23 სრულად ნახვა