სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინეს

2012-02-16 20:00
Featured image

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის 17 თებერვალს კამპანიის „ეს შე გეხება“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ ეწინააღმდეგებიან 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულ საკანონმდებლო რეალობას და პარლამენტს მისი შეცვლისკენ მოუწოდებენ. კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნას 200-მდე მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია და 400-მდე ინდივიდუალური ხელმომწერი ჰყავს.

საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს უპასუხოს კანონით დადგენილი ფართო, დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გონივრულ რეგულირებას დაუქვემდებაროს კანონის მოქმედების ქვეშ არსებული სუბიექტები სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, მისი მიზანია  საკანონმდებლო ხარვეზები და  ბუნდოვანებები ნათელი რეგულაციებითა და პროცედურებით ჩაანაცვლოს.

 

საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია:

 

მნიშვნელოვნად დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს  პარტიისათვის დადგენილ შეზღუდვებს. კერძოდ, პარტიისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება პირზე, რომელსაც განცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ან წლის განმავლობაში ჯამში 200 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოწირულობას განახორციელებს.

გაუქმდეს ნორმები, რომელიც ცალსახად არღვევენ გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს;

შემცირდეს პარტიებისა და სხვა პირებისათვის დადგენილი არაგონივრული სანქციები; უკანონო  შემოწირულობის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვროს შემოწირულობის სამმაგი და არა ათმაგი ოდენობით. პარტიის მიერ კონტროლის პალატის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით.

გაუქმდეს ამომრჩეველთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და იგი გათვალისწინებულ იქნეს ამომრჩევლის მომსყიდველი პირისათვის. კერძოდ, თუკი პირი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისათვის არჩევნებში ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავების მიზნით, ამომრჩეველს შესთავაზებს, დაპირდება ან გადასცემს რაიმე საჩუქარს 100 ლარის ღირებულებაზე მეტი ოდენობით ის დაისჯება  ჯარიმით, იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით (5000 ლარის ღირებულებაზე მეტი ) დაისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, საფუძვლები და პროცედურა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი პირზე შეზღუდვების გავრცელება. ამასთან, დეტალურად გაიწეროს კონტროლის პალატის მიერ პარტიისა და სხვა პირების ქონებაზე ყადაღის დადების წესი, რაც დღეს სრულებით არ არსებობს და კონტროლის პალატას ულიმიტო უფლებასილებას ანიჭებს; განისაზღვროს სასამართლოს როლი, რათა არ მოხდეს პირის ქონების დაყადაღება მისი გადაწყვეტილების გარეშე.

მივიჩნევთ, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. თუმცა, ამჟამად ჩვენი ყურადღება მიმართულია სწორედ ზემოაღნიშნულ ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რისი შეცვლაც უნდა იყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის გადადმული პირველი ნაბიჯი.