საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 28 თებერვალს დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მოქალაქე თამარ ხიდაშელის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული სარჩელით საიამ სასამართლოს 2008 წლის ოქტომბერში მიმართა და მოითხოვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა.
ხსენებული ნორმის შესაბამისად, თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვდა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო 6 თვემდე. ეს კი, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევდა, ექვსი თვის განმავლობაში, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ფარული მოსმენები ეწარმოებინათ კონკრეტული პირების მიმართ, რითაც ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
სადავო ნორმის აღნიშნული შინაარსით წაკითხვას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე - საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლებელი იყო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის განხორციელება სასამართლო კონტროლის გარეშე.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მომხდარიყო ვადის გაგრძელება მათ შორის ისეთი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარებაზე, რომლებიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს. ეს კი იწვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა აღნიშნული კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შესაბამისად, დააკმაყოფილა საიას სარჩელი და სადავო ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად.