გუშინ 23 თებერვალს, დღის 13:00 საათზე საქართველოს 8 ქალაქსა და თბილისის 7 უბანში ერთდროულად კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, გურჯაანში, ბოლნისში, ასევე თბილისის უბნებში: ვაკეში, ვარკეთილში, გლდანში, ვაგზლის მოედანზე, რუსთაველსა თუ თავისუფლებაზე მოსახლეობის აქტიურობა არ წყდებოდა.
ორგანიზატორები კანონის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, სიტყვიერი განმარტების პარალელურად, სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ. შეხვედრების მიზანი მოსახლეობის ინფორმირება გახლდათ, როგორც ახალი საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვების , ასევე კამპანიის „ეს შენ გეხება“ შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შეეძლო პეტიციაზე ხელის მოწერა, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა შეიმუშავეს.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება“. კამპანიის ფარგლებში მომზადდა, საკანონმდებლო ცლილებების მოთხოვნით, პეტიცია და საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელიც პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა. პეტიციას უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მოქალაქეთა აქტიურობა გრძელდება და კამპანიის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.