სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მრგვალი მაგიდა გამართა

2012-02-09 11:23
Featured image

 

2012 წლის 8 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძირითადი პრობლემები საქართველოში“. მრგვალი მაგიდის მიზანს 2011 წლის პირველ ნახევარში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა წარმოადგენდა.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში ჩატარდა.

 

პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ერთ-ერთი მიმართულება პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებაა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში,  პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2011 წლის პირველ ნახევარში განხორციელებულ მონიტორინგში საიას ორი წარმომადგენელი  მონაწილეობდა. მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესწავლას.

 

შეხვედრა შეეხო მონიტორინგის მიერ გამოვლენილ ისეთ პრობლემატურ საკითხებს, როგორიცაა: არასათანადო მოპყრობის ფაქტები პენიტენციური სისტემის რიგ დაწესებულებებში; არაეფექტური გამოძიება; დეტალური სტატისტიკური ინფორმაციისადმი არახელმისაწვდომობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.