სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნას ეხმაურება

დღეს, 2012 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, საიას სურს მოკლედ შეაჯამოს გასული წელი, საქართველოს პარლამენტის საქმიანობისას გამოვლენილი პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით. 2011 წელს  საია კვლავ განაგრძობდა დაკვირვებას საკანონმდებლო პროცესზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუშაობა უაღრესად სწრაფ ტემპებში წარიმართა და ჯამში 483 კანონი იქნა მიღებული. განსაკუთრებით დატვირთული წლის ბოლო დღეები იყო, რა დროსაც სამართლის სხვადასხვა სფეროში ნაჩქარევი ტემპებით უმნიშვნელოვანესი ცვლილებები იქნა განხორციელებული. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, 2-კვირიან პერიოდში სულ 90 კანონი იქნა მიღებული, რაც ჯამში მიღებული კანონების დაახლოებით 19 %-ს შეადგენს. აღნიშნული სწრაფი განხილვები ხშირად პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა. ძირითად დარღვევებს შორისაა: კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა/ვადის დარღვევით გამოქვეყნება, საკომიტეტო განხილვებისას ქვორუმის არარსებობა, პარლამენტის სხდომაზე არმყოფი დეპუტატის ნაცვლად ხმის მიცემა, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მესამე მოსმენისას შეტანა.

2012-02-07 09:03 სრულად ნახვა

საია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილებების სამართლებრივი რეგულირება უნდა შეიცვალოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის _ “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ინფორმირებულობას” _ ფარგლებში მომზადებული კვლევის “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები” - სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება 2012 წლის 31 იანავრს საატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

2012-01-31 11:22 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ვაცხადებთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი, ასევე ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. კანონით დაწესებული შეზღუდვები, ხშირ შემთხვევაში, არაგონივრულია, ხოლო სანქციები - არაპროპორციული. კერძოდ, ახალი კანონით შემოღებულია ე.წ. „პარტიასთან კავშირში მყოფი“ ფიზიკური და იურიდიული პირების ცნება, რომლებზეც შეზღუდვებისა და რეგულაციების იგივე რეჟიმი გავრცელდება, რაც თავად პარტიებზე. მაგალითად, ასეთად მიჩნეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უფლება არა აქვთ შემოსავალი მიიღონ სამეწარმეო საქმიანობიდან, ხოლო სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს წელიწადში; პარტიასთან დაკავშირებულ პირებს არა აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრედიტის აღების უფლება; მათი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს კონტრლის პალატა და სხვა.

2012-01-27 17:49 სრულად ნახვა

განცხადება

  2012 წლის 21 იანვარს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მესამე საერთო კრება. საერთო კრებაზე ეროვნული პლატფორმის წევრთა მიერ დამტკიცებულ იქნა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წესდება” და ”ეთიკის კოდექსი”.

2012-01-27 17:46 სრულად ნახვა

საია რეპრესირებულებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართავს

საია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კლაუს და იური კილაძეების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენენ. კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ 2010 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2011 წლის მაისში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს და ასევე განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.

2012-01-14 09:03 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებულ ბრძანებაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებას. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“. აღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.“ საიას აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მოცემული უფლებამოსილების გამოყენება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიმართ. არც ერთ ორგანოს, გარდა პარლამენტისა, არ უნდა ჰქონდეს მის მიერ მიღებულ ტექსტში თუნდაც რედაქციული სახის შესწორების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებებიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფს რედაქციულად გამართული საკანონმდებლო აქტების მიღებას. უფრო მეტიც, კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა სწორედ რედაქციული სახის შეცდომების თავიდან აცილებას ემსახურება.

2012-01-04 13:58 სრულად ნახვა

საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გარშემო. ვინაიდან, ამ თემის ირგვლივ კვლავაც არსებობს კითხვები, გვსურს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ კანონის მიღების პროცედურაზე. მივიჩნევთ, რომ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონი პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დარღვევით მიიღო. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი (რომელიც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის კანონის დარღვევით მიღებული დაუხარჯავი შემოწირულობების თანხის გამცემისათვის დაბრუნებას) კანონპროექტის ტექსტში გაჩნდა მხოლოდ მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენდა. რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

2011-12-30 11:43 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ პრეზიდენტის მიერ  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილი არაკონსტიტუციური ცვლილებების ხელმოწერას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „კოალიციამ არჩევანის თავისუფლებისათვის“ და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“  28 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დააფიქსირეს საკუთარი შენიშვნები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს, არ დაეშვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა და გამოეყენებინა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცვლილებების პროექტს.

2011-12-29 13:42 სრულად ნახვა

საია-ს განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში სასამართლოს) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-10 სესია 2011 წლის 12-21 დეკემბერს ნიუ-იორკში გაიმართა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა სასამართლოს მმართველობის საზედამხედველო და საკანონმდებლო ორგანოა.ასამბლეის მიერ არჩეულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი, ფატუ ბენსუდა (გამბია), რომელიც თავის ფუნქციების განხორციელებას 2012 წლის 16 ივნისიდან 9 წლის ვადით შეუდგება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს (GCICC) კოალიციის წევრი და ამავე დროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის (CICC) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 14 დეკემბერს სიტყვით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეას. განცხადებაში საუბარია საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საჭიროებაზე.

2011-12-29 10:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „კოალიციამ არჩევანის თავისუფლებისათვის“ და „ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველო“ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების  შეტანასთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გამართეს. 2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში არაკონსტიტუციური ცვლილებები  შეიტანა.ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე, ის იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმდებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.

2011-12-28 14:02 სრულად ნახვა