დღეს 23 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია ,,ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა“ გამართა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგის განხორციელების გზით შეეცადა გამოერკვია, რამდენად კანონშესაბამისად და პროცედურების დაცვით ხორციელდებოდა ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის სამუშაოების შესყიდვა, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად ხდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონდარღვევებს. მონიტორინგის შედეგების ძირითადი საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი და მიღებული საჯარო ინფორმაცია. ინფორმაციის მიღების მიზნით, საია და საია-ს ქუთაისის ფილიალი იყენებდა, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის, ისე სასამართლოს მეშვეობით ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას.
2012-04-23 13:35 სრულად ნახვა2012 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან (გამოხატვის თავისუფლება) შეუსაბამოდ სცნო კაბელური ქსელით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება, თუმცა ძალაში დატოვა თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობის ლიცენზირების აუცილებლობა. საია ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით ჩართული იყო აღნიშნულ საქმეში. აღასანიშნავია ის გარემოება, რომ საიას წერილობითი მოსაზრებები აისახა გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში. საია ამტკიცებდა, რომ საეთერო მაუწყებლობისგან განსხვავებით, საკაბელო და თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობისას არ გამოიყენებოდა ბუნებრივად ამოწურვადი რესურსი - სიხშირე, შესაბამისად, გამართლებული არ იყო, აღნიშნული ტიპის მაუწყებლობის დაწყებისათვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან ლიცენზიის მიღება. თავის მხრივ, ლიცენზიის გარეშე საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, მარეგულირებელ კომისიას უნდა შეენარჩუნებინა, ასეთი მაუწყებლის საქმიანობის კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველისა და საიას მოსაზრებები საკაბელო მაუწყებელთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საკაბელო მაუწყებლობა ხორციელდებოდა არა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სიხშირული სპექტრის მეშვეობით, არამედ მაუწყებლობის განმახორციელებელი პირის კერძო საკუთრების ქვეშ მოქცეული ინფრასტრუქტურით, სწორედ ამიტომ აღნიშნული მაუწყებლობის დასაწყებად საჭირო არ იყო ლიცენზირება. კომისიას რჩებოდა შესაძლებლობა, საკაბელო მაუწყებლის საქმიანობის კანონთან შესაბამისობა გაეკონტროლებინა ლიცენზირების გარეშე. სასამართლომ ასევე არ გამორიცხა საკაბელო მაუწყებლის ვალდებულება, მაუწყებლობის დაწყებამდე წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის მსურველი პირის თაობაზე.
2012-04-23 12:26 სრულად ნახვა2012 წლის 20 აპრილს საიამ მოლდოვას მოქალაქის მარიანა კიკუს სახელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. საია ითხოვს უცხოელისათვის საპროტესტო აქციის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვის გაუქმებას. 2011 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის ის მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს პასუხისმგებელ პირად ყოფნის უფლებას ართმევდა. პასუხისმგებელ პირთა კატეგორიას განეკუთვნებიან შეკრების რწმუნებული და ორგანიზატორი, რომელთაც ამავე კანონით უფლება აქვთ შეიტანონ გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში და მოუწოდოს, შეკრების მონაწილეებს აქციის დაშლისაკენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აკრძალვა ეხებოდა როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს, ასევე აპატრიდებს - ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.
2012-04-23 06:37 სრულად ნახვა2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა მსჯავრდებული ალექსანდრე აკაკის ძე დადიანი. სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ტუბ.ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. იმავე სამედიცინო ისტორიის თანახმად, მსჯავრდებული მძიმედ იყო დაავადებული. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია: ,,ა. დადიანს ამჟამად აღენიშნება მძიმე ფტიზიატრიული პათოლოგია, ხოლო ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ არის.” მიუხედავად იმისა, რომ, დასკვნის თანახმად, დადიანი ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ იყო, მხოლოდ მძიმე ფტიზიატრიული დაავადება სასჯელის მოხდის გადავადების საფუძველს წარმოადგენს. სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ,,უსაფუძვლობის გამო” არ დაკმაყოფილდა ა.დადიანის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადების შესახებ, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატმა საჩივარში დააფიქსირა, რომ მსჯავრდებული დადიანი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თუმცა, ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. 2012 წლის 7 მარტს დადიანი გარდაიცვალა.
2012-04-20 11:04 სრულად ნახვადღეს 2012 წლის 11 აპრილს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ პროექტის „საკუთრების უფლების ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“ ფარგლებში მორიგი ანგარიშის „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის მზადების პროცესში რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: • მთელს საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხშირია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიწებისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები • ხშირ შემთხვევაში მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მასობრივ ხასიათს იძენს, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ათეული მოქალაქე ქონებას საკუთარი სურვილით სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებს ან ჩუქნის მას. მაგ: კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 2011 წლის 13-25 იანვარს დაფიქსირებულია კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტი, კურორტ საირმეში 2010 წლის 13-23 დეკემბერს მეწარმე პირების მიერ სახელმწიფოსათვის უძრავი ქონების ჩუქების 20 ფაქტი
2012-04-11 12:59 სრულად ნახვა2012 წლის 5 აპრილს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე ელგუჯა კავლელიშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოქალაქე ელგუჯა კავლელიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილში ედებოდა, კერძოდ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში, რომელიც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელგუჯა კავლელიშვილი პროფესიით მძღოლია. პატრულის თანამშრომელს მისი მართვის მოწმობის შემოწმებისას გაუჩნდა ეჭვი, რომ მოწმობა ყალბი იყო, რადგან საპატრულო პოლიციის ერთიან ბაზაში კავლელიშვილის მართვის მოწმობა არ აღმოჩნდა რეგისტრირებული. ყოველივე ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.
2012-04-10 12:19 სრულად ნახვა2012 წლის 5 აპრილს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს პოლიტიკური აქტივობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებები მიენიჭებათ. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივის ამჟამინდელი ვერსია შესაძლებელს ხდის პარლამენტის წევრად აირჩეს ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამაც. ინიციატივის ფარგლებში, ასევე, განიხილება შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ პირებს მიენიჭოთ ყველა პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისა და სხვა პოლიტიკური უფლებები, რომლებითაც ექსკლუზიურად სარგებლობენ საქაართველოს მოქალაქეები.
2012-04-10 10:57 სრულად ნახვაბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით („25-ე არხი“; გაზეთი „ქრონიკა“ და სხვა) სხავადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც შეიცავდა ქსენოფობიის, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნებს. აღნიშნული განცხადებების ავტორები, სავარაუდოდ, ცდილობენ ეთნიკურ და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მთავარ იარაღად აქციონ. ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქსენოფობიით, რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით საქართველოში წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია. არავის უნდა მიეცეს საშუალება, გააღვივოს საქართველოში ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და საფრთხე შეუქმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას. მივმართავთ საქართველოში მოქმედ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ლიდერებს, არანაირი მიზანი, მათ შორის, არც ხელისუფლებაში დარჩენის ან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, არ ამართლებს საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად აღნიშნული თემებით მანიპულირებას. დაუშვებელია ოპონენტის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება იქცეს პოლიტიკური დებატების დროს საკუთარი პოზიციის გამყარების არგუმენტად.
2012-04-05 13:44 სრულად ნახვა2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა უარყოფითი დასკვნა ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საია საჭიროდ მიიჩნევს, გააკეთოს ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო: დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების ორ შესაძლებლობას ითვალისწინებს: 1) ნატურალიზაცია; 2) ორმაგი მოქალაქეობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პროცესში პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, უნდა არსებობდეს ამ პირის ოფიციალურად განცხადებული ნება, რომ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, იგი უარს იტყვის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე. სხვა ვითარებაა ორმაგი მოქალაქეობისას. ამ დროს პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ ინარჩუნებს სხვა ქვეყნის (ქვეყნების) მოქალაქეობას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით. მისი ნება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, უარს იტყოდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ცნობილი იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის. შესაბამისად, კანონის ის მიზანი, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, მოცემულ შემთხვევაში, მიღწეული იქნებოდა.
2012-04-05 09:01 სრულად ნახვასაია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით 2012 წლის 24-26 აპრილს, თბილისში, ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით. ტრენინგი მიზანად ისახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით გაესმება ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ტრენინგის ენას წარმოადგენს ქართული და მისი ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს. ტრენინგის ჩატარების ადგილია – საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (ყოფილი კრილოვის ქუჩა)
2012-04-04 13:01 სრულად ნახვა