სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 10 ივნისს ქ. ქუთაისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია “ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 10 ივნისს ქ. ქუთაისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 10 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-06-08 14:02 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ამომრჩეველთან შეხვედრებზე გაწეულ პარტიულ ხარჯებთან დაკავშირებით

2012 წლის  28 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რესტორან „მონოპოლსა“ და „ტრიუმფში“ მედიცინის მუშაკებს ხვდებიან. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ათას ხუთასზე მეტ ადამიანს დახურულ ფორმატში ხვდებიან. მედიცინის მუშაკები ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობის საკითხებს, მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებს და სფეროში დაგეგმილ რეფორმებს. ჟურნალისტთან საუბარში ექიმები იმ ფაქტსაც ადასტურებენ, რომ  მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრებზე მათ „ალაფურშეტითაც“ უმასპინძლდებიან. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, დედაქალაქის სხვადასხვა სამსახურის  ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ, ხოლო შეხვედრის ადგილები მერიის გეგმაშია გაწერილი. შეხვედრაზე მიწვეული პირები კი აცხადებენ, რომ ისინი არა პარტიულ, არამედ  მერიის ეგიდით ორგანიზებულ შეხვედრაზე მიიწვიეს.

2012-06-07 10:20 სრულად ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ ჰილარი კლინტონს

ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,პირველ რიგში მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს ქართული სახელმწიფოს მიმართ. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელების საქმეში.ქვეყანაში ერთერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისათვის პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წელვანდელი ანგარიშის თანახმად, „მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო.” აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო წინადადებები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში Must-carry-ს და Must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე, რომლის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას. ამ საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას მხარს უჭერს დამოუკიდებელ მაუწყებელთა, ჟურნალისტთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადების გაზიარება მნიშვნელოვანწილად მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე.

2012-06-01 19:57 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის გამო“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როგორც სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის „დაპირისპირება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა“. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვითარება ბადებს ეჭვს გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:  თუ გათავისუფლების მიზეზი მართლაც პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობა იყო, რატომ გათავისუფლდა მიმინოშვილი ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პერიოდია. ამასთან, უახლოეს თვეებში დაგეგმილია ეროვნული, სამაგისტრო და  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და არსებობს რისკი, რომ დაზარალდეს როგორც აბიტურიენტთა, ისე მაგისტრანტთა და მასწავლებელთა ინტერესები. ფაქტია, რომ აღნიშნული პერიოდი საკადრო ცვლილებებისთვის ყველაზე შეუფერებელია, მითუმეტეს, თუ კონფლიქტი მანამდე 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების წინა დღეს, 27 მაისს, მისი შვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებოდა, რასაც 28 მაისს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.  

2012-05-31 14:59 სრულად ნახვა

საია სასამართლოს უპატივცემულობისათვის ადვოკატის გაძევების და დაჯარიმების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 29 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საია ასაჩივრებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-14 ნაწილების არაკონსტიტუციურობას, რომელითაც განსაზღვრულია ადვოკატის მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისათვის მისი გაძევებას, იმავე ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის აკრძალვას და დაჯარიმებას 50-დან 5000 ლარის ოდენობით საკითხებს. საიას, აზრით სადავო ნორმები წინაარმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან გაძევებას და ჯარიმას წინ არ უძღვის ადვოკატის მიმართ გაფრთხილება შეწყვიტოს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი ქმედება. შესაბამისად, ადვოკატს არ ეძლევა გონივრული დრო აღნიშნული ქმედების შესაწყვეტად. გაძევებისა და დაჯარიმების წინ ადვოკატს არ ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს იმის გასაქარწყლებლად, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას. ეს სტანდარტები არის სასამართლოს თვითნებობისაგან დაცვის გარანტიები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმაოდგენს. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ადვოკატის გაძვებასთან და დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულება არ საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ ზრდის სასამართლო შეცდომის რისკს. სადავო ნორმები ქმნიან შესაძლებლობას, რომ ბრალდებულს თვითნებურად შეეზღუდოს უფლება, თავისი სურვილით შერჩეულმა ადვოკატმა დაიცვას ბრალდებულის ინტერესები.

2012-05-31 12:57 სრულად ნახვა

პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივი  პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა დღეს, 2012 წ. 31 მაისს, გაიმართა.შეხვედრა მიზნად ისახავდა, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებით მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.ერთობლივი პროექტი, რომელიც 2011 წლის აპრილში დაიწყო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი მიმართულება პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებაა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში,  პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებულ მონიტორინგში საიას სამი წარმომადგენელი  მონაწილეობდა. მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესწავლას.

2012-05-31 12:17 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმებას უკანონოდ მიიჩნევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და მას უკანონოდ მიიჩნევს. როგორც ცნობილია, 2012 წლის 28 მაისს ბიძინა გიორგობიანი ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.  მიგვაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური გასცდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებს.  ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების თაობაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო: ჯერ კიდევ 2012 წლის 18 მაისს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური აცხადებდა, რომ ბიძინა გიორგობიანი ა) იყო  საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი; ბ) იმავდროულად იყო პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და გ) ბიძინა გიორგობიანი მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან.  როგორც  18 მაისის განცხადებიდან ირკვევა, იმავე დღეს, ანუ 2012 წლის 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება დაეყადაღებინა საქველმოქმედო ფონდის „ქომაგის“ ანგარიშები, განეხორციელებინა ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და მიეღო ადმინისტრაციული ღონისძიებები.  აღნიშნული კი იმას გულისხმობდა, რომ 2012 წლის 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა საკუთარი გადაწყვეტილებით  საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ცნო, რაც ფონდი „ქომაგისათვის“ პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელებას გულისხმობდა.

2012-05-30 13:55 სრულად ნახვა

ტრენინგი

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “ადგილობრივი თვითმმართველობა” ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ლოპოტას ტბაზე 2012 წლის 15-17 ივნისს,  დილის 10:00 სთ-დან საღამოს – 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.  

2012-05-30 11:15 სრულად ნახვა

საია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ხვალ დედაქალაქში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ 2012 წლის 27 მაისს დედაქალაქში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს,რომლებიც 2012 წლის 27 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.საია  და "სამართლიანი არჩევნები" იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-05-26 12:26 სრულად ნახვა

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს

იუსტიციის სამინისტროს წინ, მიმდინარე წლის 25 მაისს, ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ან უკანონოდ დააკავეს. საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში მნიშვნელოვნად იმატა იმ ჟურნალისტების მომართვამ, რომელთაც პროფესიულ საქმიანობის განხორციელებისას უკანონოდ ეშლებათ ხელი. უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელშეშლის უკანონო ქმედებებს. მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი მყისიერი რეაგირება მოახდინოს უკანონო ქმედებაზე და აღადგინოს მედიის წარმომადგენლების დარღვეული უფლებები.

2012-05-25 14:59 სრულად ნახვა