სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასამართლოს უპატივცემულობისათვის ადვოკატის გაძევების და დაჯარიმების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2012-05-31 12:57
Featured image

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 29 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საია ასაჩივრებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-14 ნაწილების არაკონსტიტუციურობას, რომელითაც განსაზღვრულია ადვოკატის მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისათვის მისი გაძევებას, იმავე ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის აკრძალვას და დაჯარიმებას 50-დან 5000 ლარის ოდენობით საკითხებს.

საიას, აზრით სადავო ნორმები წინაარმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან გაძევებას და ჯარიმას წინ არ უძღვის ადვოკატის მიმართ გაფრთხილება შეწყვიტოს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი ქმედება. შესაბამისად, ადვოკატს არ ეძლევა გონივრული დრო აღნიშნული ქმედების შესაწყვეტად. გაძევებისა და დაჯარიმების წინ ადვოკატს არ ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს იმის გასაქარწყლებლად, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას. ეს სტანდარტები არის სასამართლოს თვითნებობისაგან დაცვის გარანტიები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმაოდგენს. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ადვოკატის გაძვებასთან და დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულება არ საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ ზრდის სასამართლო შეცდომის რისკს. სადავო ნორმები ქმნიან შესაძლებლობას, რომ ბრალდებულს თვითნებურად შეეზღუდოს უფლება, თავისი სურვილით შერჩეულმა ადვოკატმა დაიცვას ბრალდებულის ინტერესები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიას აზრით სადავო ნორმები ერთდროულად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით აღიარებულ დაცვის უფლებას. საია იმედოვნებს რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს ატგუმენტებს და დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სარჩელს.