2012 წლის 20 აპრილს საიამ მოლდოვას მოქალაქის მარიანა კიკუს სახელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. საია ითხოვს უცხოელისათვის საპროტესტო აქციის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვის გაუქმებას.
2011 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის ის მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს პასუხისმგებელ პირად ყოფნის უფლებას ართმევდა. პასუხისმგებელ პირთა კატეგორიას განეკუთვნებიან შეკრების რწმუნებული და ორგანიზატორი, რომელთაც ამავე კანონით უფლება აქვთ შეიტანონ გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში და მოუწოდოს, შეკრების მონაწილეებს აქციის დაშლისაკენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აკრძალვა ეხებოდა როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს, ასევე აპატრიდებს - ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.
2011 წლის 1 ივლისს ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში. პარლამენტმა ნაწილობრივ აღადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა: სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კვლავაც ეკრძალებათ შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებებით ერთმანეთისაგან არ გაუმიჯნავს აპატრიდები და უცხოელები. უფრო მეტიც, მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო აკრძალვა, იყო მისი ბლანკეტური ხასიათი: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ეკრძალებოდა ყველა ტიპის საპროტესტო აქციის ორგანიზების უფლება, განურჩევლად შეკრებაზე გამოტანილი საკითხის შინაარსისა. პარლამენტის მიერ შეტანილი შესწორება კვლავაც ინარჩუნებს ბლანკეტურ ხასიათს და შესაძლებლობას ართმევს უცხოელს, ეფექტურად მიაწვდინონ მათი ხმა ხელისუფლებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მყოფ აპატრიდს შესაძლოა ინტერესი არც ჰქონდეს.
საია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და კიდევ ერთხელ მოითხოვს ხსენებული აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობას.