სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკანონმდებლო ბაზაში შეტანილი ცვლილებების წყალობით კოლექტიური ცენტრებიდან დევნილთა უკანონო გამოსახლება იკრძალება

მიმდინარე წლის 24 აპრილს ვაზისუბანში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახელების ცენტრ ,,სპეცავტომეურნეობიდან” პოლიციის მიერ დევნილების გამოსახლების ფაქტმა საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირება გამოიწვია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ ქმედების სამართლებრივი შესწავლა მოახდინა, გამოავლინა საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ამ ინციდენტის მიზეზი შეიქმნა. შედეგად, მოხდა შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის. პრეზიდენტის ბრძანებულების და შინაგან საქმეთა მინისტრის მიღებული ბრძანებების შესაბამისად აღმოფხვრილი იქნა გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზი. აღნიშნული ცვლილებები იცავს კომპაქტური ჩასახლების ცენტრში მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილთა უფლებებს და არ იძლევა ცენტრებიდან მათი უკანონო გამოსახლების შესაძლებლობას.

2007-05-31 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ათამდე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით სპეციალური მიმართვა გააჟღერეს. პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ ბოლო დროს არასრულწლოვნებში გახშირებულ დანაშაულებსა და მათ მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარებას აუცილებლობაზე ისაუბრა.

2007-05-31 20:00 სრულად ნახვა

თელავში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შეიქმნა

29 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა ხელი მოაწერა თელავის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის მემორანდუმს. კოალიციის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა. ასევე საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრვი თვითმმართველობის განხორციელებისას. კოალიციის მემორანდუმს  ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ _ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისმა, "საქართველოს საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ასოციაციამ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებამ", "მებრძოლ-პარტიოტთა კახეთის რეგიონალური კავშირმა", კავშირმა "თვითმმართველობა 2002"-მა, ასოციაცია "ნადიკვარმა", "საქართველოს "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ბიურომ", არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოსმა" და "შუამთამ" _ მოაწერა ხელი.

2007-05-29 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარაში უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესებს დაიცავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი დაიცავს იმ 90 მესაკუთრის უფლებას, რომელთაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2007 წლის 4 მაისის განკარგულებით უხეშად დაურღვია მესაკუთრის უფლება. უძრავი ქონების მესაკუთრეებს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კახაბერში, გონიოში, სარფში და მახინჯაურში საკუთრების უფლება მიწის ფართობზე სრულიად უკანონოდ ჩამოერთვა. საოქმო დადგენილებები, მიწის მიზომვის, მიზომვა-ჩაბარების და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც შეეხებოდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, ბათილად იქნა ცნობილი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად და ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის, რომ მიწის რეფორმა საქართველოში დაიწყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1998 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების საფუძველზე და უნდა დამთავრებულიყო 1999 წლის 1 იანვარს. ამ ვადის გაშვების გამო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები არარად გამოცხადდა.

2007-05-24 20:00 სრულად ნახვა

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებულ ნორმის თანახმად, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქე დაქორწინდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მათ უნდა მიიღონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებართვა. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ამ ნებართვის მოპოვება 120 ლარი ღირს. ამგვარი ფასიანი ნებართვის დაწესება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ქორწინების თავისუფლებას. თავისუფლების არსი კი იმაში მდგომარეობს რომ ადამიანმა ადმინისტრაციული ორგანოს ან სხვა ადამიანებისგან დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს არჩევანი. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა ადამიანის ბუნებითი თავისუფლების რეალიზებისთვის ფასიანი ნებართვების დაწესების გზით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ მომდევნო 9 თვის განმავლობაში უნდა განიხილოს.

2007-05-22 20:00 სრულად ნახვა

საიაში კავკასიის სამართლის სკოლის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

18 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბურდული და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორი თამარ მეტრეველი კავკასიის სამართლის სკოლის ხელმძღვანელებს და სტუდენტებს შეხვდნენ. გიორგი ჩხეიძემ სტუმრებს საიას ისტორია გააცნო, ისაუბრა ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტებზე, მათ როლსა და მნიშვნელობაზე. სტუდენტების მხრიდან დაისვა მრავალი კითხვა, რომლის შემდგომაც საუბარი გაგრძელდა  ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, არასრულწლოვანთა მხრიდან სამართალდარღვევებზე და სხვა პრობლემატურ საკითხებზე. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს საიას იურიდიული ბიბლიოთეკა და იურიდიული დახმარების ცენტრი.  საია ამგვარ შეხვედრებს მომავალშიც  გეგმავს.

2007-05-20 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონში არ განახორციელოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ცვლილება

16 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი: "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რომელიც ითვალისწინებს პატიმრების მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის სასჯელის სახით "ადმინისტრაციული პატიმრობის" შემოღებას მაქსიმუმ 90 დღემდე ვადით. ეს ვადა კანონპროექტის მიხედვით არ შედის პატიმრის სასჯელის ვადაში და "ადმინისტრაციული პატიმრობის" დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის დარღვევის ყოველი განმეორებისას, შესაძლებელი ხდება დამრღვევი პატიმარისათვის დამატებით 90 დღემდე პატიმრობის ვადის დამატება. ზემოაღნიშნული ცვლილება როგორც ზოგადი მნიშვნელობით, ასევე კონკრეტული დებულებებით,  ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის  რეკომენდაცია (2006წ.) 2-ის დანართის დებულებებსა  და სისხლის სამართლის პროცესის ფუძემდებლურ პრინციპებს.

2007-05-15 20:00 სრულად ნახვა

საიას ადვოკატების აპრილის თვის წარმატებული საქმეები

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იურიდიული დახმარება აღმოუჩინა აფხაზეთიდან დევნილებს მ.ფ.-სა და მ.კ.-ს, რომელთაც 1994 წელს თბილისში, ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩაზე მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე არსებული სახლმმართველობის შენობა დაიკავეს, სადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მათი აღრიცხვა მოხდა.2003 წელს ამ ობიექტის პრივატიზაცია განხორციელდა. უძრავი ქონება კონკურსის წესით შეიძინა მურთაზ გუჯეჯიანმა. რომელმაც თვითნებურად ჩაკეტა საცხოვრებელი ოთახების კარებები და დევნილები ღია ცის ქვეშ დატოვა.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს აეკრძალა შენობით ფლობისა და სარგებლობაში ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება, მას ასევე დაევალა მოსარჩელეთათვის სველი წერტილებით სარგებლობის უფლების მიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო ასევე საკასაციო სასამართლოს განჩინებით.თუმცა, მურთაზ გუჯეჯიანის მხრიდან უკანონო ქმედებები ამით არ შეჩერებულა და მან ახალი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის შესაბამისადაც მოითხოვა კუთვნილი ფართიდან დევნილების მ.ფ.-სა და მ.კ.-ს გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ, მოპასუხეებს ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადა თანხა ოთხ-ოთხი ათასი აშშ დოლარის ოდენობით.

2007-05-14 20:00 სრულად ნახვა

თბილისი მარიოტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

14 მაისს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. გეგმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოამზადა. დოკუმენტი 2007 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდა.

2007-05-13 20:00 სრულად ნახვა

დევნილთა უკანონო გამოსახლების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს წერილობით მიმართა

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში შესული ცვლილებები საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 მარტის ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ” # 495  ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის პროცედურებს.  აღნიშნულ ბრძანებაში მოცემულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში გამოსახლება ჩერდება. ამ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული დევნილთა მოწმობა, როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტი. ზემოაღნიშნული ცვლილებები საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 24 აპრილს შანდორ პეტეფის ქ. #15-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრ ,,სპეცავტომეურნეობიდან” დევნილების გამოსახლებას, რითაც აშკარად დაირღვა იქ მცხოვრები დევნილთა უფლებები.

2007-05-07 20:00 სრულად ნახვა