სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

 

საიდან და რატომ გაჩნდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.....

1988 წლის მაისში, ორწლიანი სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულმა, უნივერსიტეტს მივაშურე და საოცარი სურათის მოწმე გავხდი – პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტურ მიტინგზე დათო ტურაშვილი და მისი ფილოლოგი და ისტორიკოსი მეგობრები გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებზე საუბრობდნენ, ჩემი იურისტი თანაკურსელები კი, წითელი სამკლაურებით ე.წ. “აცეპლენიეში” იდგნენ და წესრიგს იცავდნენ! ქართული იურიდიული საგანმანათლებლო სისტემა ჯიუტად აგრძელებდა რეპრესიული სახელმწიფო მანქანის მუშაკების დაშტამპვას. ამ ფონზე, 1989 წელს რიგის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციაზე ყოფნისას, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ საუკეთესო ლატვიელი სტუდენტები უკვე ადვოკატობაზე ოცნებობდნენ და არა _ პროკურორობაზე, ხოლო პროფესორები საკურსო ნაშრომებს დამოუკიდებელი ლატვიის სამართლებრივ საკითხებზე აწერინებდნენ სტუდენტებს.  

მაგრამ მალე თავისუფლების სიომ იურიდიულ ფაკულტეტზეც შემოაღწია. 1988 წლის ნოემბერში მთავრობის სახლის წინ მოშიმშილეებს იურისტი სტუდენტებიც შეუერთდნენ ლადო სანიკიძესთან ერთად. დეკანატმა და პარტიულმა კომიტეტმა დაგმო იურისტის ღირსებისთვის შეუფერებელი საქციელი. პასუხად რამდენიმე სტუდენტმა დატოვა სკკპ რიგები როინ მიგრიაულთან ერთად. იმავე წელს სპიტაკის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად იურისტი სტუდენტებიც გაემგზავრნენ “თვითნებურად” გიგლა აგულაშვილთან ერთად. გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოჩნდა სტუდენტი იურისტების, მათ შორის, ზაზა ნამორაძის თამამი სტატიები. ქვეყანაში დაწყებული არაფორმალური ორგანიზაციების შექმნის ბუმს გამოეხმაურა 10-12 სტუდენტი და შეიქმნა ახალგაზრდა იურისტთა კლუბი ლია მუხაშავრიას და ზაზა რუხაძის მონაწილეობით. სტუდენტებმა დაიწყეს იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მოწესრიგება ნინო გვენეტაძის თაოსნობით. სერგო ძაგნიძემ და ბესო მორჩილაძემ რექტორატს გამოსთხოვეს ქიმიური რეაქტივების ყოფილი საწყობი სარდაფში, სტუდენტთა შეკრების ადგილის მოსაწყობად. იურისტთა კლუბმა კობა დავითაშვილის და ვალერი ხაბურძანიას მონაწილეობით მოამზადა საქართველოს სს რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. სტუდენტები გამოეხმაურნენ ორგანიზაცია დას-ის თხოვნას და ლევან ალექსიძის, ავთო დემეტრაშვილის და ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით დაიწყეს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე. ახალგაზრდა იურისტების მხრებზე გადაიარა პირველი `არჩევნების მომზადების და ჩატარების სამართლებრივი სამუშაოს უდიდესმა ნაწილმა. 

გვჯეროდა, რომ დამოუკიდებელი ახალი საქართველოს მშენებლობის საქმეში თითო აგურს ჩვენც ვდებდით... 

მაგრამ... მერე იყო 1992 წლის იანვრის ყინვიან დღეებში ირაკლი ჩიქოვანთან ერთად პარლამენტის გადამწვარ შენობაში მიმობნეული კანონმდებლობის ნარჩენების შეგროვება და მკვდრადშობილი “სამართლებრივი სახელმწიფოს” გამოტირება... 
      
მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა. 1992 წლის გაზაფხულზე შეიქმნა ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ჯგუფი ოთარ ყიფშიძის, თინა ხიდაშელის, ირაკლი ოქრუაშვილის, გია გეწაძის, არჩილ აბრამიას, ვერონიკა მეტონიძის, გიორგი პაპუაშვილისა და სხვათა მონაწილეობით. 1993 წელს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის ტექნიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ჯგუფმა იკისრა კოტე კუბლაშვილთან, ზურა ბურდულთან, საშა ორახელაშვილთან, ლევან ალაფიშვილთან, დათო კაკაბაძესთან და სხვებთან ერთად. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ დასმულა ჩვენი საქმიანობისთვის ფორმალური ხასიათის მიცემისა და ორგანიზაციად დაფუძნების საკითხი, მაგრამ თავს ვიკავებდით. გვინდოდა, ჯერ საქმეში გამოგვეცადა ერთმანეთი, ჯერ ერთად ყოფნის შედეგი დაგვენახა და მერე დაგვერქვა ყველაფრისთვის თავის სახელი. რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურმა ურთიერთობებმა ბოლოს და ბოლოს დაგვარწმუნა, რომ მართლა გვინდოდა და მართლა შეგვეძლო მნიშვნელოვანი საქმის ერთად კეთება. 

1994 წლის სექტემბერში პიონერთა სასახლეში შეკრებილმა 90-მდე ახალგაზრდა იურისტმა დააფუძნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დამსწრეთა ალბათ ნახევარი მეგობრების ხათრით იყო მოსული. მაგრამ მეორე ნახევარს აბსოლუტურად ნათლად ჰქონდა გააზრებული ყველაფერი. ჩვენ პროფესიული და მოქალაქეობრივი თვითგადარჩენისათვის ვიბრძოდით. ჩვენ ახალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება გვინდოდა. ჩვენ პროფესიული ღირსების დაცვა გვინდოდა. ჩვენ მოქალაქეობრივი ვალის მოხდა გვინდოდა. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომის განცდა გვინდოდა. 

და კიდევ რაღაცა საშინლად არ გვინდოდა. არ გვინდოდა, რომ ჩვენც იმათ დავმსგავსებოდით, ვინც, ჩვენი აზრით, მაშინ ჩვენს პროფესიას შეურაცხყოფდა, ფუნდამენტურ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავდა და ქვეყანას ფულის საკეთებელ საამქროდ განიხილავდა. 

დღეს ვართ 10-ჯერ მეტნი და გვაქვს ისიც, რაც გვინდოდა და ისიც, რაც არ გვინდოდა. მაგრამ ერთად ყოფნის გარეშე ალბათ მხოლოდ ის გვექნებოდა, რაც არ გვინდოდა...  

                                                                                                                                                                                                                                            დავით უსუფაშვილი

 

მას შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ურყევად იცავს და ემსახურება იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რისთვისაც წლების წინ დაფუძნდა

ამ დრომდე:

ჩვენ  -  წელიწადში 50 ათასამდე მოქალაქეს ვუწევთ იურიდიულ კონსულტაციას უფასოდ და ათეულობით ადამიანს ვიცავთ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად. 
ჩვენ ყოველწლიურად მივმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მოქალაქეთა უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საქმეებზე.  
ჩვენ _ აქტიურად ვთანამშრომლობთ ხელისუფლების სამივე შტოსთან და ვიღვწით იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.
ჩვენი _ ცხრა ოფისი ყოველწლიურად 200-მდე გასვლით შეხვედრას ატარებს მოსახლეობასთან, მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ჩვენ _  გვყავს 800-მდე წევრი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და ათეულობით დონორი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
ჩვენ _  ყოველწლიურად 200-მდე სტუდენტ იურისტს ვაძლევთ საშუალებას, გაიღრმავოს ცოდნა და განავითაროს იურისტის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 
ჩვენი ბიბლიოთეკა ყოველთვიურად ათობით მკითხველს ემსახურება. 

 
საიას - ყველა პროექტი თუ აქტივობა ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას როგორც ინდივიდების, ასევე ინსტიტუტების დონზე. აღნიშნული მიდგომით საიამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამის დადასტურებაა 20 წლის განმავლობაში 3 ათასამდე წარმატებით დასრულებული საქმე საქართველოს საერთო სასამართლოებში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი 30 საკონსტიტუციო საჩივრიდან _ 8, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარდგენილი 135 საჩივრიდან _ 8 წარმატებით დასრულდა, უმრავლესობა კი განხილვის პროცესშია.

საია - წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ეს ეხებოდა როგორც  სისხლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის სფეროებს, ციხეებში პატიმართა მდგომარეობის შესწავლასა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, საკუთრების უფლებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვას. წლების განმავლობაში ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მედიის თავისუფლების საკითხებზე, ასევე, არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული ანტიკორუფციული მიმართულებით (მაგალითად „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“; ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში, რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგი და ა.შ.). 

საია  15 წელზე მეტია აკვირდება და მონიტორინგს უწევს ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების პროცესებს.

საიას  -  წლების განმავლობაში განხორციელებული აქვს ყველაზე გახმაურებული სამი კამპანია:  „სიცოცხლის უფლება“;  „არ აწამო“; „ეს შენ გეხება“
ნდობა და აღიარება:

საია - 2013 წელს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა. აღნიშნული საკმაოდ პრესტიჟული კონკურსის ფინალისტთა სამეულში მოხვედრა საიასთვის უდიდეს წარმატებად შეფასდა. ეს, ერთი მხრივ, ორგანიზაციისთვის დიდი პატივია, ხოლო მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა, კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ საქართველოში ადამიანის უფლებათა დასაცავად. 

საია  - წლების განმავლობაში პარტნიორობას უწევს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი ანგარიშების მომზადებისას საიას მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს და კვლევებს ეყრდნობიან. 

საია - 2014 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საია ერთ-ერთ ყველაზე ცნობად არასამთავრობო ორგანიზაციად არის აღიარებული საქართველოს მასშტაბით.