სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ხშირად დასმული კითხვები

ვის, როგორ და როდის მივმართოთ სოციალური შეღავათების მისაღებად?

ვის მივმართოთ?
თქვენთვის სასურველი სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის და კონკრეტული შეღავათების მისაღებად უნდა მიმართოთ ადგილობრივი გამგეობის სოციალურ სამსახურს.
როგორ მივმართოთ?
სოციალური დახმარების მისაღებად თქვენ უნდა მიმართოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი განცხადებით.
რა  დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ? 
წერილობით განცხადებასთან ერთად თქვენ უნდა წარადგინოთ პირადობის მოწმობა, განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია სოციალური დახმარების სახეობის მიხედვით. 
მაგალითად, ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით მოსარგებლეებმა უნდა წარადგინონ:
•    განცხადება;
•    მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
•    ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსების პროგრამით მოსარგებლეებმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარადგინონ: 
•    პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
•    ცნობა _ ფორმა IV-100/ა (დედანი);
•    ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
•    სარეიტინგო ქულათა შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი;
•    შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა რაიმე სტატუსის მქონე განმცხადებლებმა _ სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
•    შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის წარმომადგენლის ან ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების კომისიის წევრების მიერ შედგენილი დასკვნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
•    საგარანტიო წერილი შესაბამისი ჯანდაცვის დაწესებულებიდან.


გაითვალისწინეთ!  
ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსების პროგრამისა და ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს შესაბამისი სამსახური. მათ მიერ დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, სოციალური დახმარება გაიცემა გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის _ ბრძანების საფუძველზე.

 

 

რა არის სოციალური დახმარება და რა დოკუმენტებია საჭირო განაცხადის შესავსებად?

სოციალური დახმარება არის ფულადი სახის დახმარება (საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება და/ან მისი პრევენცია.
თუ თქვენი ოჯახი საჭიროებს სოციალურ დახმარებას უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და შეავსოთ დადგენილი ფორმის განაცხადი ბაზაში დასარეგისტრირებლად.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).


საჭირო დოკუმენტაცია:
•    ოჯახის სრულწლოვანი წევრების პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში _ დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია პირადი ნომერი;
•    მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შეაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახს ესტუმრება სააგენტოს უფლებამოსილი პირი (სოციალური აგენტი). ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება `ოჯახის დეკლარაცია~ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დეკლარირებული ინფორმაცია  დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობითაც განისაზღვრება ოჯახის უფლება, მიიღოს ფულადი სოციალური დახმარება და სხვა.

რამდენია სოციალური დახმარების მისაღები ზღვრული ქულა და რამდენია საარსებო შემწეობის ოდენობა?

საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი). ფულადი დახმარების დანიშვნის უფლებას მოიპოვებს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ყველა ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა 57 001-ზე ნაკლებია.

საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი. ორ და მეტ სულიანი ოჯახების შემთხვევაში, 60 ლარს მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. 
საარსებო შემწეობის ოდენობის დაანგარიშებისას ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინება

 

ვინ ვერ მიიღებს ფულად სოციალურ დახმარებას და რა შემთხვევებში ხდება სოციალური დახმარების შეჩერება და აღდგენა

ფულად სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებს ოჯახის ის წევრი, რომელიც, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად, სოციალური დახმარების დანიშვნის დროს არის:
•    სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
•    იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
•    ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას პერიოდულად (სამ თვეში ერთხელ მაინც) ბრუნდება ოჯახში);
•    ოჯახიდან სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
•    სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
•    ინსტიტუციურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.


საოჯახო დახმარებაზე ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო სისტემატურად ამოწმებს საოჯახო დახმარების მიმღებ ბენეფიციარს და აჩერებს დანიშნულ საოჯახო დახმარებას, თუ დახმარების მიღების საკითხი დამატებით საჭიროებს შესწავლა-შემოწმებას.  
საოჯახო დახმარების გაცემა შეჩერდება, თუ: 
•    ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით სხვა პირზე და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ვერ მოხერხდება ბენეფიციარის მოძიება მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე;
•    ოჯახი შეიცვლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს;
•    არსებული ან გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, საოჯახო დახმარების მიღების უფლებრივი საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას ან ბენეფიციარის მხრიდან დამატებითი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენას;
•    კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და ბენეფიციარს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
•    ბენეფიციარის მიმართ გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და იგი გაგზავნილია იძულებით სამკურნალოდ;
•    ბენეფიციარი სამ თვეზე მეტი ვადით დატოვებს ქვეყნის ფარგლებს;
•    ბენეფიციარი მოთავსებულია ინსტიტუციურ დაწესებულებაში (წინასწარი დაკავების იზოლატორი, მოხუცებულთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლი და სხვა)  და იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.

ყურადღება! 
საოჯახო დახმარების შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ 6 (ექვს) თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების აღდგენისა ან შეწყვეტის თაობაზე.

 

რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი და რა შემთხვევაშია შესაძლებელი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმება?

 ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს:
•    ოჯახის განცხადება;
•    ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
•    ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება.

ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
•    დემოგრაფიული ცვლილება ოჯახში;
•    დასაქმება, ლეგალური შემოსავლის მიღება;
•    სამუშაოს/ლეგალური შემოსავლის დაკარგვა;
•    საცხოვრებელი ადგილის ცვლილება;
•    დეკლარაციის შევსებიდან გასულია ერთ წელზე მეტი;
•    შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
•    სხვა მიზეზი, რომელიც ადასტურებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით ცვლილებას.

 

რა უფლებები და მოვალეობები აკისრია საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს?

საარსებო შემწეობის მიმღებ  ოჯახს უფლება აქვს:
•    მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;
•    მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);
•    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი  და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
•    დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა);
•    აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს ერთი თვისა;
•    შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

 

შვებულება კერძო და საჯარო სექტორში

შვებულების უფლება შრომის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც დაკავშირებულია მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან. ეს უფლება აღიარებულია როგორც საქართველოს შრომითი კანონმდებლობით, ასევე, საერთაშორისო შრომის სამართლის ნორმებით.
შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს შემდეგი სახის შვებულებით:

  •     ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;
  •     ყოველწლიური ანაზღაურების გარეშე შვებულებით;
  •     ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით;
  •     შვებულებით ახალშობილის შვილად აყვანის გამო;
  •     დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებით მძიმე, მავნე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის;
  •     დამატებითი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო.

 

რამდენია ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა?

შრომის კოდექსის თანახმად, უფლება გაქვთ, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში გამოიყენება კალენდარული დღე და არა _ სამუშაო დღე.
    
ამდენად, შრომის კოდექსით, დასაქმებულთა უფლების დაცვის მიზნით, დადგენილია შვებულების მინიმალური ხანგრძლივობა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს შვებულების განსხვავებული ვადები და პირობები. საყურადღებოა, რომ ასეთი შეთანხმება არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას, ანუ დამსაქმებელს უფლება არ აქვს, შრომითი ხელშეკრულებით განგისაზღვროთ შვებულების ისეთი ვადა, რომელიც შრომის კოდექსით დადგენილ ხანგრძლივობაზე ნაკლებია.

გაითვალისწინეთ!  ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების ვადის გამოთვლისას, შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

შეუძლია თუ არა დასაქმებულს, ნებისმიერ დროს ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით და შესაძლებელია თუ არა შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება ან გადატანა?

შრომის კოდექსის მიხედვით, როგორც ანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურების გარეშე  შვებულების მოთხოვნის უფლება დასაქმებულს წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. თუმცა, შესაძლებელია შვებულებით სარგებლობა ამ ვადის გასვლამდეც, თუკი დამსაქმებელი ამაზე თანახმა იქნება. მუშაობის მეორე წლიდან კი, შვებულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. შვებულებაში გასვლის დრო მხარეთა (დასაქმებულისა და დამსაქმებლის) შეთანხმებით განისაზღვრება. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ, შესაძლებელია, შვებულებაში გასვლა ვერ მოახერხოთ თქვენთვის სასურველ დროს, რადგან, თუ შრომითი ხელშეკრულება სხვა პირობებს არ ითვალისწინებს, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებების მიცემის რიგითობა.

იმისათვის, რომ შეძლოთ ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობა, კანონით დადგენილია დამატებითი წინაპირობა, კერძოდ, გეკისრებათ ვალდებულება, 2 კვირით ადრე გააფრთხილოთ დამსაქმებელი ანაზღაურების გარეშე შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.


არ არის სავალდებულო, რომ ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულება გამოიყენოთ ერთიანად. მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

გაითვალისწინეთ!  შრომის კოდექსი დამსაქმებელს უფლებას აძლევს, უარი გითხრათ შვებულებით სარგებლობაზე, თუ თქვენთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჭიროა თქვენი თანხმობა და მხოლოდ ამის შემდგომ დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა შემდეგი წლისთვის. ასევე, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

რა პერიოდს მოიცავს და როგორ ანაზღაურდება შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო?

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება მოგეცემათ თქვენი თხოვნის საფუძველზე. შვებულების ხანგრძლივობაა 730 კალენდარული დღე. აქედან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. შვებულება თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 

თუკი იშვილებთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, მოგეცემათ ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 550-დღიანი ვადა აითვლება ბავშვის დაბადებიდან და არა შვილად აყვანის მომენტიდან. ამდენად, თუკი იშვილებთ, მაგალითად, 6 თვის ასაკის ბავშვს, შვებულების ხანგრძლივობა იქნება არა 550, არამედ 370 კალენდარული დღე (550-180).


ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ ასევე დამატებით ანაზღაურებაზე.

გახსოვდეთ! 

დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან _ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების განმავლობაში დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით: 
    ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას
    დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან;
    ხანგრძლივი შრომისუუნარობა; 
    სასამართლოს გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
    დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
    სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

თუმცა, მიუხედავად ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანისა ან ბავშვის მოვლის გამო დამატებით შვებულებაში ყოფნისა, დასაქმებული ქალის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია, როდესაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია:
    შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; 
    შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
    დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
    მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
    დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა ან განმეორებითი დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო  დისციპლინური                პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
    სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
    დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება.

დამატებითი შვებულება

შრომის კოდექსი დასაქმებულთათვის ითვალისწინებს დამატებითი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობისას და ბავშვის მოვლის გამო.

რა ვადით მიეცემა დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს?

თუკი მუშაობთ მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე, მოგეცემათ დამატებითი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით (ამგვარ სამუშაოთა ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით). აღნიშნული შვებულება ანაზღაურებადია.

რა ვადით მიეცემა დასაქმებულს დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო?

თქვენივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ შვებულებით ბავშვის მოვლის გამო 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. აღნიშნული შვებულება არ ანაზღაურდება.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

შვებულება საჯარო სამსახურში

კერძო შრომითი ურთიერთობისაგან განსხვავებულად რეგულირდება შვებულების საკითხი საჯარო სამსახურში, რაც გამოიხატება არა მხოლოდ შვებულების ოდენობის სხვაობაში, არამედ დამატებითი დაცვის გარანტიების არსებობაში შვებულების უფლების გამოყენებისას.

რა ვადით შეიძლება ისარგებლოს საჯარო მოსამსახურემ ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით?
საჯარო მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ნაწილ-ნაწილ.

საჯარო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა.

რა ვადით შეიძლება ისარგებლოს საჯარო მოსამსახურემ შვებულებით ორსულობის და მშობიარობის გამო?
საჯარო მოსამსახურეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო 183 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში _ 200 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს შეუძლია, შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
საჯარო მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, თუმცა, კერძო შრომითი ურთიერთობებისგან განსხვავებით, მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად, ეძლევა კომპენსაცია თავისივე დამსაქმებელი დაწესებულების მიერ.
მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი.

გახსოვდეთ!  მოხელე არ შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან  შტატების შემცირების ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას.

მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების გამო.

ვინ შეიძლება ისარგებლოს სასწავლო შვებულებით?

ხუთ წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით, სახელმწიფო მოსამსახურეებს ეძლევათ სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ასეთი სახის შვებულებით სარგებლობის უფლება არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთათვის და ის მხოლოდ იმ მოსამსახურეებს ეძლევათ, რომელთაც სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან აქვთ.

 

რა საფუძვლები არსებობს და ვის აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების გადავადების მოთხოვნით?


იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ _ განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას _ მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ასევე, სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი აღსრულება გადაავადოს ზეპირი მოსმენის გარეშე.


განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით

ვის უნდა მივმართოთ მძიმე დაავადებების დროს სასჯელისაგან გათავისუფლების შემთხვევაში?

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით შეიქმნა მუდმივმოქმედი კომისია, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.
კომისია განიხილავს ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის, დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადების დაშვების საკითხს და შედეგს წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
აღნიშნული კომისიის მიერ განცხადება არ დაიშვება იმ მსჯავრდებულთა შემთხვევაში, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულება გადაუვადდათ.

 

რამდენს შეადგენს სოციალური დახმარების ოდენობა?

სოციალური დახმარების ოდენობა განსხვავებულია სახეებისა  და მუნიციპალიტეტების მიხედვით.  

 

რა არის აქტიური მოქალაქეობა?

აქტიური მოქალაქეობა ნიშნავს ხელისუფლების მუშაობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანის აქტიურ მონაწილეობას, რაც საზოგადოების წარმომადგენლებისგან თანამდებობის პირებთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომლობას მოითხოვს. 

რა არის ადვოკაცია?

ადვოკაცია არის მიზანდასახული ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილების მიმღებებზე გარკვეული ზეწოლის მოხდენისკენ.

გვახსოვდეს! ადვოკაცია არ უნდა აგვერიოს ლობირებაში. ლობირება გულისხმობს მცდელობას, გავლენა მოვახდინოთ კონკრეტულად გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებაზე. ლობირება ყოველთვის მოიცავს ადვოკაციას, თუმცა, ადვოკაცია ყოველთვის არ მოიცავს ლობირებას.


ადვოკაცია ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, კანონებზე, წესებზე, პროგრამებსა ან დაფინანსებაზე, სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტებში უმაღლეს დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ადვოკაცია მოიცავს როგორც ერთჯერად, მოკლევადიან კამპანიებს, ასევე, ხანგრძლივ მუშაობას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საადვოკაციო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ეროვნულ, რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეზე.

ვინ მიიჩნევა დაზარალებულად და ვინ ახდენს პირის დაზარალებულად ცნობას?

დაზარალებულად მიიჩნევა სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი  იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან/და ქონებრივი ზიანი. პირის დაზარალებულად ცნობა ხდება პროკურორის მიერ, რომელსაც გამოაქვს დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ.

თუ პროკურორი უარს იტყვის პირის დაზარალებულად ცნობაზე, შესაძლებელია თუ არა უარის გასაჩივრება?

იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი შეტანიდან 48 საათში არ დააკმაყოფილებს პირის განცხადებას დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულს უფლება აქვს, 10 დღის განმავლობაში საჩივრით მიმართოს ზემდგომ პროკურორს, რომლის გადაწყვეტილებაც არის საბოლოო. 
ზემდგომი პროკურორის უარი იმ შემთხვევაში არ არის საბოლოო, თუ საქმე შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს (განსაკუთრებით მძიმეა დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის სახედ  გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა). ასეთ შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ცნობის თაობაზე ზემდგომი პროკურორის უარი 10 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში გამოძიების ადგილის მიხედვით.

რა უფლებები აქვს დაზარალებულს?

სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული არ წარმოადგენს პროცესის მხარეს, ის არის პროცესის მონაწილე. 
დაზარალებულს უფლება აქვს: 
•    იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი (მუხლი, სასჯელის ზომა და შინაარსი); 
•    სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე (საპროცესო შეთანხმება) შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება, ან წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა დანაშაულის შედეგად;
•    უფასოდ მიიღოს გამოძიების (ფაქტის მიმართ), სისხლისსამართლებრივი დევნის (პირის მიმართ) შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები;
•    მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
•    დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას დროებით ჩამორთმეული  თავისი კუთვნილი ქონება;
•    მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;
•    წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს (პრაქტიკაში, საქმის მასალების გაცნობაში, როგორც წესი, იგულისხმება მხოლოდ გაცნობა და არა _ დოკუმენტის ასლების გადაცემა); 
•    მიიღოს განმარტება მისი უფლება-მოვალეობების შესახებ; 
•    მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების (საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება;
•    მოითხოვოს პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება; 
•    მოითხოვოს საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა; 
•    მოითხოვოს სხვა სახელმწიფოში გაყვანა, ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა ან/და საკუთრებას;
•    გაასაჩივროს დადგენილება გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

 

როგორ ხდება გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრება?

დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდება მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება სასამართლოში გამოძიების ადგილის მიხედვით. 
სასამართლო 15 დღეში იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებასა ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 
დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია, მას აცნობოს:
•    მაგისტრ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენის ადგილი და დრო; 
•    წინასასამართლო სხდომის, მთავარი სხდომის  და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომის თარიღი და დრო;
•    საპროცესო შეთანხმების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის სასამართლოში განხილვის ადგილი და დრო; 
•    სააპელაციო და საკასაციო სასამართლო სხდომის ადგილი და დრო.
პროკურორი ვალდებულია, საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას ინფორმაცია ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ. სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას, დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს _ წერილობით, ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს _ ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებ. 
დაზარალებულს უფლება არ აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, თუმცა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით. 
დაზარალებული ვალდებულია:
•    გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში/სასამართლოში, გამოძახების შემთხვევაში; 
•    უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; 
•    საგამოძიებო ორგანოს/სასამართლოს წერილობითი გაფრთხილების შესაბამისად, არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები; 
•    დაიცვას წესრიგი სასამართლო განხილვის დროს; 
•    სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
თუ დაზარალებული, არასაპატიო მიზეზით, არ გამოცხადდება სასამართლოში, შესაძლებელია იძულების წესით მოხდეს მისი მიყვანა.

 

ვინ არის დაინტერესებული პირი?

დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანიზაცია, ადმინისტრაციული ორგანო.

რა არის და როგორ ხდება ფაქტების კონსტატაცია?


ფაქტების კონსტატაცია არის დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გარკვეული მდგომარეობის, ფაქტის დადასტურება და მისი ასახვა შესაბამის ოქმში.
ფაქტების კონსტატაციის საფუძველია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის დაინტერესებული პირის მიმართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართს, დასადგენ გარემოებას, ადგილმდებარეობას, სადაც უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია. მიმართვის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი (ფაქტების კონსტატატორი) მიდის ფაქტის კონსტატაციის გაკეთების სასურველ ადგილას და აღწერს კონკრეტულ ფაქტს. აღწერილი ფაქტები აისახება  შესაბამის ოქმში.
აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფაქტების კონსტატაციის მასალები და შესაბამისი ოქმი?

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირი და საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართავთ სასამართლოს ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, საჭიროა, მას გააჩნდეს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ უფლების დარღვევის ფაქტს ან აღწერს უფლების დარღვევამდე არსებულ მდგომარეობას. ფაქტების კონსტატაციის მასალები და ოქმი შესაძლებელია გამოყენებული იყოს, როგორც მტკიცებულება. 
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფაქტების კონსტატაციის ოქმის წინმსწრებად შედგენით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ შემდგომში კანონით დადგენილი უფლებების დარღვევა. თქვენი მოთხოვნით, ბიურო თავად უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის მასალების შენახვას.  
მაგალითად, თუ გსურთ საკუთრებაში არსებული ფართის გაქირავება, ფართის გადაცემამდე შეგიძლიათ დააფიქსიროთ ქონების მდგომარეობა და, იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი დააზიანებს ქონებას, თქვენ (მესაკუთრე) მარტივად შეძლებთ ფართის პირვანდელი მდგომარეობის შესახებ მტკიცებულების წარდგენას და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ასევე, თუ ადგილი აქვს თვითნებურად ბინაში შეჭრას, სასამართლოში დავის პროცესში ფაქტების კონსტატაციის ოქმით მარტივად მოხდება იმ ფაქტის დადასტურება, რომ კონკრეტული პირი სარგებლობს ფართით. იმ შემთხვევაში, თუ შეიძინეთ უხარისხო პროდუქცია, შესაძლებელია ნაკლის დაფიქსირება ოქმში და ა.შ.

 

რა განსხვავებაა ფაქტების კონსტატაციასა და ექსპერტის დასკვნას შორის?

ფაქტების კონსტატაცია არ არის ექსპერტიზა. ფაქტების კონსტატაციისას ხდება ფაქტების ასახვა და არა მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა ან ექსპერტიზის ჩატარება.

 

რა წესით ხდება ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლება?

სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს:

1.    ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას;
2.    სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი _ 65 წლიდან, მამაკაცი _ 70 წლიდან), თუ მას მისჯილი არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. 

ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე, საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულის მიმართ, სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლებისას, შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისგანაც გათავისუფლდეს.

კენჭისყრის დღეს გაშუქების წესები

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე მედიის წარმომადგენლები

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს. ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენელი. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენელი,  უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).

კენჭისყრის დღეს მედიის უფლებამოსილება საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის არის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია. მედიის წარმომადგენლისთვის მიზანი უნდა იყოს პროცესების გაშუქება და დარღვევების დაფიქსირება და არა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაღება.

კენჭისყრის დღეს მედიის უფლებამოსილება დილის 7 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე და საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:

შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

- ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი;

- მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კენჭისყრის დღეს მედიის უფლებამოსილება საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში:

შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

- დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც, ფოტოვიდეოგადამღები აპარატები  გატანილ უნდა იქნას კენჭისყრის შენობიდან.

- ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

- კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება იმდაგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმდაგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

რა ხდება დარღვევის შემთხვევაში

ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.