2011 წლის 26 მაისს დაახლოებით 00:12 წუთზე შს სამინისტროს ძალებმა დაიწყეს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა. იმ შემთხვევაშიც კი, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ყოფილიყო ლეგიტიმური, მედიით გავრცელებული კადრები, აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი არ შიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ პირს. შესაბამისად, დაკავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ.
2011-05-25 22:13 სრულად ნახვადღეს, 21 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ბრიფინგის თემას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი უახლესი ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეთათვის შეიქმნა ფულადი კომპენსაციის მიღების მექანიზმი.
2011-05-21 13:18 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, მმართველ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ორგანიზაციები, რომლებიც ვაკვირდებოდით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, მივესალმებით მხარეების ინიციატივას კონსულტაციების განახლებასთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების დახურულ ფორმატში გადატანა ვერ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას.
2011-05-13 13:25 სრულად ნახვა"სტუდია მონიტორი" 2009-2010 წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს ტელეკომპანიების "რუსთავი 2" და "იმედის" მიერ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების დაცვაზე. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიებს სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო.2011 წლის 7 მარტს "სტუდია მონიტორმა" განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამჯერად მიმართვის საფუძველი გახდა:1. ლიცენზიის მფლობელების მიერ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის დარღვევა, ანუ ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია რეკლამით შეწყვეტის შესახებ;2. საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით;3. საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ანუ საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების დარღვევა.
2011-05-11 19:17 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს “პოლიციის შესახებ” კანონის მე-91 (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება) მუხლის ძალადაკარგულად ცნობას მისი კონსტიტუციის მე-18 (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებთან წინააღმდეგობის გამო.2010 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ”პოლიციის შესახებ” კანონს დაამატა მე-91 მუხლი. აღნიშნული ნორმა პოლიციის თანამშრომელს უფლებას ანიჭებს დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე გააჩეროს ადამიანი, ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება თუ პოლიციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა გონივრული ეჭვი.“პოლიციის შესახებ” კანონში აღნიშნული დამატების შეტანასთან დაკავშირებით საიამ პარლამენტს გადაუგზავნა შენიშვნები. საია აღნიშნავდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ზედაპირული შემოწმება არ იყო ადამიანის შეჩერების თანმდევი აუცილებელი შედეგი. პოლიციელს ეძლევა ადამიანის გაჩერების შესაძლებლობა, ისე, რომ არ ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება. ამ შემთხვევაში კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იძლევა იმ მიზნის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ აჩერებს პოლიციელი ადამიანს.
2011-05-09 08:30 სრულად ნახვა5 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. უპირველეს ყოვლისა, გვსურს განსაკუთრებული წუხილი გამოვხატოთ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით, რამაც საკითხით დაინტერესებულ პირთა წრეს მოუსპო საშუალება ჩართულიყო პროცესებში და ინიციატორებისთვის წარედგინა საკუთარი შეხედულებები მასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტით მნიშვნელოვნად უარესდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მდგომარეობა და საფრთხის ქვეშ დგება მათი შრომითი გარანტიების არსებობა. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენისა და განაცდურის მიღების საკითხებს, კერძოდ:
2011-05-06 10:35 სრულად ნახვაგუშინ, 2011 წლის 2 მაისს, ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში გამოქვეყნდა და დღეს ამოქმედდა საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შესახებ”.შეტანილი ცვლილებები ეხება მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობას, ასევე, ლიცენზიის გაცემის წესებს, მედია მფლობელების მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენას, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის მედიის მფლობელობის შეზღუდვისა და სხვა საკითხებს.არსებული სიახლეების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან 2012 წლის 1 იანვრამდე, გაასაჯაროვონ ყველა ფიზიკური პირის სახელი ვინც რაიმე ფორმით არის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მფლობელი ან მონაწილეობს მის მართვაში. გარდა ამისა, საჯარო უნდა გახადონ და საკუთარ ვებ-გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია შემომწირველების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიის საკითხს და განსაზღვრა, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
2011-05-03 11:26 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა _ აკვირდება საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის მოლაპარაკების პროცესს. წარმოგიდგენთ ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მოსაზრებებს.
2011-05-02 12:57 სრულად ნახვა28 აპრილს 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა შეეხებოდა 2008-2010 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კვლევის სახელწოდებაა „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები“ და მასში ასახულია სასამართლო ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
2011-04-29 07:48 სრულად ნახვა