როგორც ცნობილია, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.“ „კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 ივლისამდე. კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია, წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას.“ კომისიის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში თავდაპირველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც მოიაზრებოდა, არ მოგვეცა კანონპროექტის შემუშავებასა თუ განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა. კერძოდ, 26 სექტემბერს ინიცირებული კანონპროექტი ბიუროს გადაეცა იმავე დღეს, მაშინ, როდესაც კანონპროექტის ინიცირებასა და ბიუროს სხდომას შორის მინიმუმ 72 საათიანი შუალედი უნდა ყოფილიყო დაცული. გარდა ამისა, დაირღვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების რეგლამენტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებს მის გამართვამდე 2 დღით ადრე სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას. დროის ამ მცირე მონაკვეთში შეუძლებელია დაინტერესებული პირების კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა.
2011-10-03 07:22 სრულად ნახვა2011 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციებმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნები გააცნო. ორგანიზაციების შეფასებით შემოთავაზებული პროექტი არ გვთავაზობს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით იგეგმება მუშობის გაგრძელება საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან. ორგანიზაციები საკუთარ მოსაზრებებს მოგვიანებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.
2011-10-01 10:25 სრულად ნახვაწინამდებარე დოკუმენტი წარმოდგენილია საიას გამგეობის მიერ, როგორც საიას წესდების ცვლილებების პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს საიას რიგით XVIII საერთო კრებაზე, ა.წ. 29 ოქტომბერს.
2011-09-29 19:59 სრულად ნახვადღეს, 28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე. 2011 წლის ამ დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, ღონისძიებები ერთდროულად ჩაატარა თბილისის, ქუთაისის, გორისა და თელავის ოფისებში. თბილისში „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობების გაცემასთან“ დაკავშირებით მომზადებული კვლევისა და საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია გაიმართა. საიას კვლევაში „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობების გაცემა“ ასახულია თბილისის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ადგილებში, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების კანონიერების პროცესი, ძირითადი ტენდენციები და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები. კვლევის მიხედვით გამოვლინდა გადაწყვეტილებების ტენდენციურად მიღების ფაქტები, „პრივილეგირებული“ კომპანიების არსებობა, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის შემთხვევები.
2011-09-29 07:08 სრულად ნახვა2011 წლის 20 სექტემბერს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, სასამართლოს თანხმობის გარეშე ინტერნეტში დახურულ საუბრებს დააკვირდნენ. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს, დადგინდეს, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების უფლება) მუხლებს. 2010 წლის 24 სექტემბერს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და მისი სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. დახურული ინტერნეტ ურთიერთობის ფორმატი წარმოადგენს ადამიანის პირადულ, ინტიმურ სფეროს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. აღნიშნული ნორმით პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. არც ერთი ეს პირობა საიას მიერ გასაჩივრებული ნორმებით არათუ არ არის გათვალისწინებული, არამედ სასამართლო კონტროლი დახურული ინტერნეტ საუბრების დაკვირვებაზე პირდაპირ გამორიცხულია.
2011-09-26 11:29 სრულად ნახვააღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ 2011 წლის 15 სექტემბრის საღამოს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ‘’ჰერკულისის’’ გაფიცული და მოშიმშილე პროფკავშირის წევრების უკანონო დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრის, გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციის 33-მუხლით გარანტირებული გაფიცვის უფლება ქარხანაში არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობებისა გაუმჯობესებისა და პროფკავშირული საქმიანობის გამო უკანონოდ განთავისუფლებული 17 კოლეგის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. სრულმასშტაბიან გაფიცვას, რომელიც დაიწყო 13 სექტემბერს წინ უძღოდა 2 სექტემბრის გამაფრთხილებელი გაფიცვა. საგაფიცვო პროცედურები განხორცილებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მიღებული გაფიცვის დაშლის გადაწყვეტილება კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული.
2011-09-23 08:12 სრულად ნახვასტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით: კურსი “შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი სამოქალაქო სამართალი საერთაშორისო სამართალი კონსტიტუციური სამართალი თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ.დანართი #1,2,3,4,5) სასწავლო კურსებით დაინტერესეულმა პირებმა 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ : პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი 2 ფოტოსურათი დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა ( განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებგვერდიდან www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას) საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დამიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას. დაწვრილებითი ინფრომაციისათვის მოგვმართეთ: ქ. თბილისი, კახიძის ქ. #15 ტელ: 2936101 (შიდა 125 ან 147); 2910883 (შიდა 125 ან 147) საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი metreveli@gya.ge მარი აბულაძე ltic@gyla.ge
2011-09-19 14:33 სრულად ნახვასაკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2 ფოტოსურათი; შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.legaleducation.ge , ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას). საბუთების მიღება ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან გასაუბრებას.მოსწავლეთა შერჩევა მოხდება აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე.
2011-09-19 14:26 სრულად ნახვაშეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა. შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2011 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. განაცხადები მიიღება 2011 წლის 20 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით. განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:
2011-09-19 14:17 სრულად ნახვა2011 წლის 15 სექტემბერს პოლიციამ ქუთაისში არსებული მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” გაფიცულ მუშათა აქცია დაშალა. გაფიცული მუშების ძირითადი მოთხოვნები ქარხანაში არსებული პირობების გაუმჯობესება იყო. ქარხანა ”ჰერკულესის” მუშები სარგებლობდნენ მათთვის საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული გაფიცვის უფლებით, რაც გულისხმობს დასაქმებულის უფლებას, დავის შემთხვევაში, დროებით, ნებაყოფლობით თქვას უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. დავა ქარხნის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მუშების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები წერილობითი სახით მიეწოდა ქარხნის ადმინისტრაციას, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამ უკანასკნელთა მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ, ქარხნის მუშებმა, შრომის კოდექსის 49-ე მუხლის დაცვით, გაფიცვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს გამაფრთხილებელი გაფიცვა. შესაბამისად, გამაფრთხილებელი აქციიდან 24 საათში ქარხანა ”ჰერკულესის” მუშებს წარმოეშვათ გაფიცვის კანონიერი უფლება. რაც შეეხება გაფიცვაში მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ გაფიცვის დაწყების დღიდან, პოლიციის მიერ მოხდა ამ უფლებაში უხეში ჩარევა გაფიცულთა დაშლისა და დაკავების გზით. საია-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები გაფიცვის დაწყების დღიდან თვალ-ყურს ადევნებდნენ აქციის მიმდინარეობას. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, აქცია მიმდინარეობდა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეები განლაგებულები იყვნენ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად რომ არ ახდენდნენ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას და ქარხნის შესასვლელის ბლოკირებას. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ არავითარი კანონიერი საფუძველი ხელი შეეშალათ გაფიცვაში მონაწილე პირებისათვის ამ უფლებით სარგებლობაში.
2011-09-17 14:40 სრულად ნახვა