სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება ”ჰერკულესის” მუშების გაფიცვის დაშლასთან დაკავშირებით

2011-09-17 14:40
Featured image

 

2011 წლის 15 სექტემბერს პოლიციამ ქუთაისში არსებული მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” გაფიცულ მუშათა აქცია დაშალა. გაფიცული მუშების ძირითადი მოთხოვნები ქარხანაში არსებული პირობების გაუმჯობესება იყო.

ქარხანა ”ჰერკულესის” მუშები სარგებლობდნენ მათთვის საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული გაფიცვის უფლებით, რაც გულისხმობს დასაქმებულის უფლებას, დავის შემთხვევაში, დროებით, ნებაყოფლობით თქვას უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. დავა ქარხნის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მუშების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები წერილობითი სახით მიეწოდა ქარხნის ადმინისტრაციას, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამ უკანასკნელთა მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ, ქარხნის მუშებმა, შრომის კოდექსის 49-ე მუხლის დაცვით, გაფიცვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს გამაფრთხილებელი გაფიცვა. შესაბამისად, გამაფრთხილებელი აქციიდან 24 საათში ქარხანა ”ჰერკულესის” მუშებს წარმოეშვათ გაფიცვის კანონიერი უფლება.

რაც შეეხება გაფიცვაში მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ გაფიცვის დაწყების დღიდან, პოლიციის მიერ მოხდა ამ უფლებაში უხეში ჩარევა გაფიცულთა დაშლისა და დაკავების გზით. საია-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები გაფიცვის დაწყების დღიდან თვალ-ყურს ადევნებდნენ აქციის მიმდინარეობას. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, აქცია მიმდინარეობდა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეები განლაგებულები იყვნენ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად რომ არ ახდენდნენ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას და ქარხნის შესასვლელის ბლოკირებას. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ არავითარი კანონიერი საფუძველი ხელი შეეშალათ გაფიცვაში მონაწილე პირებისათვის ამ უფლებით სარგებლობაში.

 

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიციამ კონკრეტული სამართლებრივი მოტივის გარეშე თავისუფლება შეუზღუდა კანონიერი გაფიცვის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის მოშიმშილეებს, და, ამასთან, არ მოახდინა დაკავების აღნიშნული ფაქტების ოფიციალური რეგისტრაცია. საიას-ს ადვოკატები, აქციის დაშლის შემდეგ, ვერ ახერხებდნენ დაკავებულთა პოვნას პოლიციის სამმართველოებში, ვინაიდან პოლიცია უარყოფდა მათ მიერ გაფიცვაში მონაწილეთა დაკავების ფაქტს, მანამ, სანამ ერთ-ერთმა ადვოკატმა დაკავებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ თავად არ იხილა თუ როგორ გამოვიდნენ ქუთაისის №1 პოლიციის სამმართველოდან აქციაზე დაკავებული მუშები. აქედან გამომდინარე, მთელი ამ დროის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ამ პირებისათვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.

 

ერთ-ერთი დაკავებული მუშის, ბატონი ირაკლი იობიძის განცხადებით, პოლიციამ დაკავებულებს დააწერინა ე.წ. ხელწერილები იმის შესახებ, რომ ისინი აღარ გააპროტესტებდნენ ქარხანაში არსებულ პირობებსა და განაგრძობდნენ მუშაობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ხელწერილების ჩამორთმევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ეს წარმოადგენს პოლიციის მხრიდან გაფიცული მუშების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

საია მიიჩნევს, რომ პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში გამართული შეკრების დაშლა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, მათი ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე რამდენიმე საათით პოლიციის განყოფილებაში დაყოვნება და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ხელწერილების ჩამორთმევა, პოლიციელთა მხრიდან წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას.

საია გამოთქვამს მზადყოფნას უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა დაზარალებულს. ამასთან, საია აპირებს შეისწავლოს მომხდარი ფაქტი და განახორციელოს მონიტორინგი ამ ფაქტთან დაკავშირებით მომავალში განვითარებულ პროცესებზე.