„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა’’ აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. 30 ივნისს ორგანიზაციებმა გამოვხატეთ მკვეთრი პოზიცია რვა პარტიის მიერ შეთანხმებულ საკითხებთან დაკავშირებით, შევაფასეთ რა ისინი როგორც არასაკმარისი საარჩევნო გარემოს რეალური გაჯანსაღებისათვის ქვეყანაში. 1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვესწრებოდით საქართველოს პარლამენტში სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვერას, რომლის დროსაც განიხილებოდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. მიგვაჩნია, რომ რვა პოლიტიკურ პარტიას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე სარედაქციო ჯგუფის მიერ შეხვედრაზე განხილული შეთანხმების საკანონმდებლო ფორმულირებები საჭიროებს მნიშვნელოვან დამუშავებას. მათი სრულყოფის შემთხვევაშიც, არასაკმარისად მივიჩნევთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის შემოფარგვლას მხოლოდ შეთანხმებულ საკითხებზე მსჯელობით, მათი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ პროექტში ფორმულირების მიღმა დარჩენილი იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და მისი საქმიანობის წესი, მედია მონიტორინგი.
2011-09-13 07:23 სრულად ნახვა2011 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მიმდინარე წლის 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბრიტანეთში დაფუძნებული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics Ltd დასკვნა წარუდგინა, რომელიც ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებისათვის მეტად საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საია სიცრუის შეგნებულ გავრცელებაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის მისამართით არაკორექტული კომენტარები გაკეთდა ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც საია „პოლიტიკურ თამაშებში“ ჩართვისთვის დაადანაშაულეს. ამის პარალელურად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერი“ და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პროგრამაში „ქრონიკა“ რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, რომლებიც არღვევს ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის რომ კრიტიკის ობიექტია საიას უფლება - მოიპოვოს და გაავრცელოს საქმესთან დაკავშირებული პროფესიული ინფორმაცია, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია და არა ექსპერტის დასკვნის სიზუსტე.
2011-09-13 07:04 სრულად ნახვა2011 წლის 9 სექტემბერს, 16:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია/მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობამდე გამართა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, ორგანიზაცია იქცა ხელისუფლებისა და მედიის ნაწილის თავდასხმის ობიექტად. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებულ ლეგიტუმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, რამდენიმე დღეა საიას წინააღმდეგ მიმართული, ჟურნალისტიკის სტანდარტებისა და ეთიკის ნორმებს მიღმა მომზადებული სიუჟეტები ვრცელდება, რომლებიც ორგანიზაციაზე თავდასხმას უფრო წარმოადგენს ვიდრე დისკუსიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
2011-09-09 14:10 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისთან 8 სექტემბერს 13:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საიას მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საიას, რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაკორექტული კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერით საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები გადაიცა. სოლიდარობის აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.
2011-09-08 13:58 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვინტრაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. პირველ რიგში, საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ საიას მიერ ექსპერტიზისთვის გაგზავნილ ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პიროვნებები ერთი და იგივეა. შესაბამისად, შსს-ს მტკიცება საიას მიერ ფაქტების განზრახ დამახინჯების თაობაზე უსაფუძვლოა. მიგვაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და ეფექტურ გამოძიების ჩატარების მიზნებისათვის, შს სამინისტროს პირველ რიგში უნდა შეესწავლა საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ნაცვლად ამისა, შსს-მ განცხადებები ისე გააკეთა, რომ ფოტო ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ შეუსწავლია, აპრიორი გამორიცხა ამ მტკიცებულების სანდოობა და აღნიშნა, რომ საიას მხრიდან ადგილი აქვს ფაქტების დამახინჯებას.
2011-09-06 16:17 სრულად ნახვა2011 წლის 6 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საიას თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს შეეხებოდა. 26 მაისის შემდეგ საია აქტიურად მუშაობს აქციის დაშლის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. უახლოეს მომავალში საია ამ საკითხებზე მომზადებულ სრულყოფილ ანგარიშს გამოაქვეყნებს. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშის საგანი აქციის დაშლის დროს სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ანალიზია. ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროულად აცნობოს მათ შესახებ საზოგადოებას და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება მოსთხოვოს. ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საიამ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics Ltd1 სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ექსპერტიზა შეუკვეთა. ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით ჩვენ ექსპერტ კენეტ ლინჯს2 გავუგზავნეთ 1. რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეო მასალა, 2. ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო (ფოტო #2) და 3. ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს DABS Fingerprints/Forensics Ltd-მა გამოგვიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა (იხ. დანართი). ექსპერტიზამ მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და #4 სურათზე (რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეოს ამსახველი ფოტო მასალა) გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის ექსპერტიზამ 7 მსგავსების ნიშანი აღმოაჩინა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სავარაუდოდ დარტყმისგან მიყენებული ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე, რომელიც დაფიქსირდა როგორც #4 ფოტოზე, ისე სიკვდილის შემდეგ პროზექტურაში გადაღებულ ფოტოზე. ვიდეო ჩანაწერის შემოწმების შედეგად ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეო მასალაში მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეო მასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული.
2011-09-06 09:05 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის ინტერესებს, რომელიც ამჟამად სასჯელს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დეწესებულებაში იხდის. ამჟამად, ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ის გადაყვანილია ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტრში. იოსებ წიკლაურის ჯამრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის დროული კურსის ჩატარება. სწორედ ამ მიზნით მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით, დანიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა 2011 წლის 28 ივნისს ჩატარდა. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ, სასამართლო სამედიცინო ექპერტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომელიც გადაიგზავნა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში თუმცა, მსჯავრდებულის ოჯახს დღემდე არ ჩაბარებია.
2011-08-18 09:57 სრულად ნახვა15 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო "აფხაზეთის" ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნულ ობიქტში მცხოვრები დევნილების ნაწილის მიმართ გამოსახლების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან სასტუმრო ,,აფხაზეთიდან~ გამოსახლების მომენტისათვის, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე თანხმობა არ ჰქონდათ მიცემული. როგორც საიამ არაერთხელ აღნიშნა წინა პერიოდში გავრცელებულ განცხადებებში, "იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა იძულებით გამოსახლებას, ვიდრე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია ვალდებული იყო დევნილის მოწმობის (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს) წარდგენისთანავე, შეეწყვიტა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები.
2011-08-15 13:25 სრულად ნახვა2011 წლის 10 აგვისტოს 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. 2011 წლის 05 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქ. თბილისში, სასტუმრო ,,აფხაზეთიდან“ მცხოვრებ დევნილებს ინდივიდუალური შეტყობინებები გადასცა, რომლის თანახმადაც, სასატუმროდან დევნილების გამოსახლება, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს განხორციელდება. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747-ე ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევაში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას. ამასთან, კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.
2011-08-10 07:24 სრულად ნახვა29 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ინიციატივით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება“. დისკუსიის მსვლელობისას სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა სახელმწიფოს მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლების მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურების მექანიზმები, მათ შემუშავებასა და ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები. აღნიშნული განხილვის მიზანი იყო, ხელი შეეწყო ეფექტური გზების მონახვისთვის იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც დღის წესრიგში დადგა ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი დავალიანება აღიარა სახელმწიფო საშინაო ვალად. დღესდღეობით აღნიშნული დავალიანების გასტუმრება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის #835 განკარგულების საფუძველზე ევალება თბილისის მერიას, თუმცა ამ დრომდე საქართველოს 4000-მდე მოქალაქე ამაოდ ელოდება საკუთარი უფლების დაკმაყოფილებას.
2011-07-29 16:07 სრულად ნახვა