როგორც ცნობილია, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.“ „კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 ივლისამდე. კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია, წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას.“ კომისიის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში თავდაპირველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც მოიაზრებოდა, არ მოგვეცა კანონპროექტის შემუშავებასა თუ განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა. კერძოდ, 26 სექტემბერს ინიცირებული კანონპროექტი ბიუროს გადაეცა იმავე დღეს, მაშინ, როდესაც კანონპროექტის ინიცირებასა და ბიუროს სხდომას შორის მინიმუმ 72 საათიანი შუალედი უნდა ყოფილიყო დაცული. გარდა ამისა, დაირღვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების რეგლამენტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებს მის გამართვამდე 2 დღით ადრე სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას. დროის ამ მცირე მონაკვეთში შეუძლებელია დაინტერესებული პირების კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა.
რაც შეეხება საარჩევნო სიების საკითხს, მათი შედგენის არსებული წესი მრავალი პირის მხრიდან გამხდარა კრიტიკის საგანი. ჩვენ მრავალჯერ აღგვინიშნავს, რომ (http://gyla.ge/attachments/991_Joint%20Recomendations_UEC%20attachement%20-%20Copy.pdf), მოქმედ კოდექსში სამოქალაქო რეესტრსა და ცესკოს შორის უფლებამოსილების/პასუხისმგებლობის მკაფიოდ განსაზღვრა პრობლემატურ საკითხად რჩება. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი არ აგვარებს უწყებებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემას, კერძოდ, ნაცვლად ერთი პასუხისმგებელი სუბიექტის გამოკვეთისა, ხდება კომისიის სახით დამატებით მესამე აქტორის განსაზღვრა. ჩვენთვის მიუღებელია ახალი დროებითი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც მხოლოდ 2012 წლის არჩევნებისათვის სიების დადგენას უზრუნველყოფს. პრობლემის ამგვარი მოგვარება ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც, სადაც ამომრჩეველთა სიების შედგენასა და განახლებაზე პასუხისმგებელი ერთი მუდმივმოქმედი უწყების არსებობაზე არის საუბარი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენასა და კორექტირებაზე პასუხისმგებელი ერთი კონკრეტული ორგანოს კანონმდებლობით დადგენა. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დღეისათვის გააჩნია ყველა შესაბამისი რესურსი და ტექნიკური საშუალება იმისათვის, რომ მას ამ საკითხებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ვფიქრობთ, რომ ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე კომისიას სიების გადამოწმების ფუნქცია უნდა ჰქონდეს. აღნიშნული ფუნქციის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებული უნდა იყოს ითანამშრომლოს კომისიასთან და მას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. კომისიის მანდატი და საქმიანობის წესი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს და დეტალურად დადგინდეს კომისიის დანახარჯები, შემუშავდეს სპეციალური მექანიზმები კომისიის ხელთ არსებული ფინანსების მონიტორინგისა და მისი საქმიანობის შეფასების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მის შემადგენლობაში შესვლა მიზანშეწონილი იქნება, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული სახით კომისიაში ჩვენი ან ნებისმიერი წევრის მონაწილეობა გამართლებული არ არის და ამომრჩეველთა სიების დადგენის პროცესს ნაკლებად შეუწყობს ხელს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორსო საზოგადოება