გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარტიის წარმომადგენელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მისი თქმით, თავდამსხმელებმა თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს ჭიქა, მდუღარე წყალი შეასხეს მასთან ერთად მყოფ ნოდარ ლადარიას. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი რაც მას თავდამსხმელებმა განუცხადეს, არის შემდეგი: „როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედან.“