ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

 გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრს,  ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარტიის წარმომადგენელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.

ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მისი თქმით, თავდამსხმელებმა თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს ჭიქა, მდუღარე წყალი შეასხეს მასთან ერთად მყოფ ნოდარ ლადარიას. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი რაც მას თავდამსხმელებმა განუცხადეს, არის შემდეგი: „როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედან.“

მსგავსი ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია და სახელმწიფოს მხრიდან  სწორ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.  გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასეთი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებას. 
 
მოვუწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge