სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის მნიშვნელობაზე მიუთითებს

2013-06-05 06:16
Featured image

არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ 9 ივნისს დაგეგმილი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის მნიშვნელობას, როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და განვითარების რეალურ შანსს. ეს შანსი შექმნა როგორც არჩევნების შემდეგ  სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესუსტებამ, ასევე ხელისუფლების ნებამ, რაც ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებში გამოიხატა. ამ პროცესს სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საია თავიდანვე უჭერდა მხარს. ჩვენ დღესაც ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და გვსურს შევეხოთ ახალი კანონის იმ ნორმას, რომელმაც ბოლო დღეებში დისკუსია გამოიწვია.

აღნიშნული წესის თანახმად ,,საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ 3 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა”. საქართველოს პარლამენტმა ეს ნორმა ბოლო მომენტში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიიღო და ეს პოლიტიკური კომპრომისის შედეგად გამოცხადდა. ცხადია, კომპრომისი კანონშემოქმედების  მნიშვნელოვანი და ზოგჯერ აუცილებელი ნაწილია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპრომისის ზოგადი არსისაგან განსხვავებით, რომელიც პროცესის მონაწილე სუბიექტებისათვის ყველაზე მისაღებ და სასარგებლო გადაწყვეტილებაზე შეჯერებას გულისხმობს, მოცემულ შემთხვევაში ამ შეთანხმების შედეგად ყველა მხარემ რეალურად მხოლოდ უარყოფითი შედეგი მიიღო: საპარლამენტო უმრავლესობამ და კანონპროექტის ავტორებმა შედეგად მიიღეს ნორმა, რომელიც მათივე აღიარებით უარესია, ვიდრე კომპრომისამდე არსებული ვერსია; იმ მხარემ, რომელიც ამ ცვლილებას ითხოვდა, ამით ერთის მხრივ, წარმოაჩინა მისი არასწორი დამოკიდებულება მოსამართლეთა თვითმმართველობის იდეისადმი, ხოლო მეორეს მხრივ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გარკვეული საკანონმდებლო უპირატესობის გარეშე კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეებს კენჭისყრაში გამარჯვება გაუჭირდებოდათ. ცხადია, ეს მიდგომა ღირებულ შედეგად ვერ განიხილება, ვინაიდან ვიწრო ჯგუფურ ინტერესებს უფრო ესადაგება, ვიდრე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების სწორ ხედვას; არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება, მიუხედავად ამ კანონპროექტისადმი თვეების განმავლობაში გამოვლენილი გაუნელებელი ინტერესისა, ფარული პროცესების მიღმა დარჩა; ხოლო მოსამართლეთა კონფერენციამ კომპრომისის შედეგად არჩევნები უნდა ჩაატაროს ნორმით, რომელიც, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის სამართლიანი შეფასებით რომ ვთქვათ, ,,სრულიად შეუსაბამოა მართლმსაჯულების  იდეის განმახორციელებელ მოსამართლეთათვის". 

უნდა აღინიშნოს, რომ ,,კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომლის წევრი არის 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის საია, თავიდანვე მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ ადმინისტრაციული ფუნქციების არმქონე კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ჰქონოდათ. თუმცა, მათ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვა ნებისმიერი რიგითი მოსამართლის თანასწორად. ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი დასაფასებელი მიმართულება სწორედ ის იყო, რომ აღმოეფხვრა თავად სასამართლო სისტემის შიგნით არსებული უთანასწორობა და მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფისათვის კანონმდებლობით განმტკიცებული პრივილეგირებული მდგომარეობა დამთავრებულიყო. თანასწორობა სამართლის ზოგადი იდეის უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს, რაც საქართველოს კონსტიტუციით თუ სხვა არაერთი კანონით განმტკიცებულია. როცა ეს პრინციპი ირღვევა, მოსამართლეს კონკრეტული საქმეების განხილვისას ამ პრინციპის დაცვის გარანტის ფუნქცია ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში კი ზემოაღნიშნულმა პოლიტიკურმა კომპრომისმა არა მხოლოდ ინდივიდუალურ მოსამართლეს, არამედ მთლიანად მოსამართლეთა თვითმმართველობას, ფაქტობრივად, ამ პრინციპის დარღვევის ვალდებულება დააკისრა, რაც სწორი გამოსავლის მონახვის გარეშე, ვფიქრობთ უარყოფითად აისახება სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე. არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ამ ნორმამ ხელი შეუწყოს დაპირისპირებას სასამართლო სისტემის შიგნით, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, უკვე არსებობს.
 
ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო ფუნქცია და დანიშნულება ეკისრება თითოეულ მოსამართლეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 9 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის პირობებში  მოსამართლეები ღირსეული, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გონივრულ რეფორმირებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ; მოსამართლეთა კონფერენციის არჩევანის მიხედვით საზოგადოებას მთილანად არსებული სასამართლო ხელისუფლების შეფასების შესაძლებლობა ექნება - გაითავისებს თუ არა ის ქვეყნის ფუნდამენტურ საჭიროებას, რაც უკეთესი სასამართლო სისტემის შექმნაში გამოიხატება, თუ ამ საჭიროებას პირადი თუ ვიწრო ჯგუფური ინტერესი გადაწონის.