არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ 9 ივნისს დაგეგმილი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის მნიშვნელობას, როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და განვითარების რეალურ შანსს. ეს შანსი შექმნა როგორც არჩევნების შემდეგ სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესუსტებამ, ასევე ხელისუფლების ნებამ, რაც ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებში გამოიხატა. ამ პროცესს სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საია თავიდანვე უჭერდა მხარს. ჩვენ დღესაც ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და გვსურს შევეხოთ ახალი კანონის იმ ნორმას, რომელმაც ბოლო დღეებში დისკუსია გამოიწვია.
აღნიშნული წესის თანახმად ,,საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ 3 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა”. საქართველოს პარლამენტმა ეს ნორმა ბოლო მომენტში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიიღო და ეს პოლიტიკური კომპრომისის შედეგად გამოცხადდა. ცხადია, კომპრომისი კანონშემოქმედების მნიშვნელოვანი და ზოგჯერ აუცილებელი ნაწილია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპრომისის ზოგადი არსისაგან განსხვავებით, რომელიც პროცესის მონაწილე სუბიექტებისათვის ყველაზე მისაღებ და სასარგებლო გადაწყვეტილებაზე შეჯერებას გულისხმობს, მოცემულ შემთხვევაში ამ შეთანხმების შედეგად ყველა მხარემ რეალურად მხოლოდ უარყოფითი შედეგი მიიღო: საპარლამენტო უმრავლესობამ და კანონპროექტის ავტორებმა შედეგად მიიღეს ნორმა, რომელიც მათივე აღიარებით უარესია, ვიდრე კომპრომისამდე არსებული ვერსია; იმ მხარემ, რომელიც ამ ცვლილებას ითხოვდა, ამით ერთის მხრივ, წარმოაჩინა მისი არასწორი დამოკიდებულება მოსამართლეთა თვითმმართველობის იდეისადმი, ხოლო მეორეს მხრივ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გარკვეული საკანონმდებლო უპირატესობის გარეშე კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეებს კენჭისყრაში გამარჯვება გაუჭირდებოდათ. ცხადია, ეს მიდგომა ღირებულ შედეგად ვერ განიხილება, ვინაიდან ვიწრო ჯგუფურ ინტერესებს უფრო ესადაგება, ვიდრე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების სწორ ხედვას; არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება, მიუხედავად ამ კანონპროექტისადმი თვეების განმავლობაში გამოვლენილი გაუნელებელი ინტერესისა, ფარული პროცესების მიღმა დარჩა; ხოლო მოსამართლეთა კონფერენციამ კომპრომისის შედეგად არჩევნები უნდა ჩაატაროს ნორმით, რომელიც, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის სამართლიანი შეფასებით რომ ვთქვათ, ,,სრულიად შეუსაბამოა მართლმსაჯულების იდეის განმახორციელებელ მოსამართლეთათვის".
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge