2015 წლის 6 ივლისს, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საიამ შემდეგი კვლევების პრეზენტაცია გამართა:
• სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში;
• საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები).
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მომზადებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ:
- არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის თუნდაც მინიმალურ სტანდარტს დაადგენს;
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან არის დაკავშირებული ვერ ჩაითვლება კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად;
- სააგენტოს მართვის რგოლში შემავალ საწარმოებში დაბალია იმ საწარმოთა რიცხვი, რომელთაც გააჩნიათ ეთიკის მარეგულირებელი წესები და თვიშეფასების დოკუმენტები;
- სააგენტოს მართვაში არსებულ არცერთ საწარმოში, ამ დრომდე მმართველი რგოლის დანიშვნა კონკურსის წესით არ განხორციელებულა და სამწუხაროდ, მსგავსი ვალდებულება არც კანონით არის განსაზღვრული;
- არ არის განსაზღვრული საწარმოების მხრიდან წლიური ანგარიშების წარდგენის ფორმა, წესი და პირობები.
- სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა უმეტესობას არ გააჩნია ვებ-გვერდი, არ არსებობს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების, სამომავლო გეგმების, წლიური ანგარიშებისა და სხვა მსგავსი ხასიათის საკითხების შესახებ.
რაც შეეხება საჯარო-ჯერძო პარტნიორობის საკითხზე მომზადებულ კვლევას, დოკუმენტში საიას მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს სამინისტროების და მთავრობის ადმინისტრაციის პრაქტიკა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით ნათელია, რომ:
- სამინისტროების უმრავლესობას საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში პროექტები არ განუხორციელებია, ხოლო ნაწილის მიერ განხორციელებული აქტივობები ცალსახად არ შეესაბამება საჯარო-კერძო პარტნიორობის ცნებასა და ფორმას;
- უმეტესწილად, უწყებებს საჯარო-კერძო პარტნიორობა პირდაპირი მნიშვნელობით ესმით და მასთან აიგივებენ ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სექტორს შორის არსებულ ნებისმიერი სახის ურთიერთობას, მიუხედავად მისი შინაარსისა;
- რიგი უწყებების შემთხვევაში დაფიქსირდა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საჯარო-კერძო პარტნიორობად მოაზრების ფაქტებიც, რაც, ცალსახად, აღნიშნული ინსტიტუტის თაობაზე საჯარო სექტორში არსებულ მცდარ წარმოდგენებზე მიუთითებს.
პრეზენტაციზე ასევე წარმოდგენილი იყო ხორვატი და ინგლისელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევები. ხორვატი ექსპერტის კვლევა ეხებოდა, ხორვატიის გამოცდილებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობის და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით. ხოლო ინგლისელი ექსპერტის კვლევაში განხილულ იქნა საჯარო-კერძო პარტნიორობის გამოცდილება დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ექპერტებმა კვლევები საიას დაკვეთით მოამზადეს.
საია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი კვლევები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობის გაზრდას და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საჯარო-კერძო პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას.