28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი. ამავე სხდომაზე სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდების საკითხზე და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა ფაქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2022 წლის 24 იანვარს გავრცელდა მედიასაშუალებებში. გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით, მეტროპოლიტენისსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებას. საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, ერთ-ერთი პოლიციელის ქმედება შეფასდა, როგორც არაადამიანური მოპყრობა.
დაზარალებულის ინტერესებს საია იცავდა.