სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

2017-10-21 21:21
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას.

20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.

 

21:00 საათისთვის დაფიქსირდა უბანში 73 საჩივარი, ოლქში 61 საჩივარი და 151 შენიშვნა.

18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

გლდანის ერთ-ერთ უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრმა მიიღო სმს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ნომერზე (598 4323 87) სმს-ით ან ზარით უნდა ეცნობებინა „ინფორმაცია უბანზე მოსული ამომრჩევლის, მერის მომხრეების, (ქართული) ოცნების მომხრეების და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობის შესახებ თითოეული ინფორმაციის გაგების თანავე“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ მალევე განახორციელა ზარი საუბნო კომისიაში, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე არ ეპასუხათ.

ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენს მიერ განხორციელდა ზარი აღნიშნულ ნომერზე და პირმა, რომელმაც გვიპასუხა, თავი გაგვაცნო, როგორც „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა.

 

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

- ვაკის #10 და #11 უბნებზე ჩვენს დამკვირვებელს უბნის მიმდებარედ განლაგებული პოლიციელები არ უშვებდნენ. მხოლოდ საოლქო კომისიის ჩარევის შედეგად შეძლო მან უბანზე შესვლა. პოლიცია ასევე არ აძლევს უბანზე შესვლის შესაძლებლობას საიას დამკვირვებელს ჩუღურეთის #40 უბანზე;

- კრწანისის #20 უბნიდან საუბნო საარჩევნო კომისიამ გამოაძევა საიას დამკვირვებელი  ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ;

- ვაკის #29 უბანზე ჩვენ დამკვირვებელს დაემუქრნენ გაძევებით;

- ბათუმის #4 უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ დამკვირვებელს.

 

ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებული პრობლემები:

- დიდუბის ოლქში დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა პრეტენზიებს სიასთან მიმართებით. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა დიდუბის #52-ე უბანზე. აღმოჩნდა, რომ ამ უბანზე მოსული ამომრჩეველი არ იყო სიაში. მას განუმარტეს, რომ მისი  მონაცემები შეტანილი იყო სენაკის ამომრჩეველთა სიაში;

- დმანისის #4 უბანზე ადგილი ჰქონდა ვადაგასული პირადობის მოწმობით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობას. ჩვენი დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მცდელობა აღიკვეთა;

- ვაკის #11 უბანში დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფაქტი. 

 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

დმანისის #4 უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი კაბინაში შესულ ამომრჩეველს უთვალთვალებდა. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა მიუთითა, რომ ასეთი ქმედება არ შეესაბამებოდა  კანონს, მან ჩვენ დამკვირვებელს უპასუხა, რომ მათ საქმეში არ ჩარეულიყო, რადგან ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მათ სურდათ. ამ დამკვირვებელმა ასევე უარი განაცხადა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციის იდენტიფიცირებაზე, რომელსაც წარმოადგენდა.

 

მხარდამჭერების მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე:

- გარდაბანში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მობილიზება. ასევე ხალხმრავლობაა მთაწმინდის #32 და მარნეულის #50 უბნებთან, ასევე ახალციხეში და შიდა ქართლში;

- ასპინძის #4 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მისული ,,ქართული მარშის“  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ლევან ცაბაძის (დამოუკიდებელი კანდიდატის) ხმებს დაიცავენ.

 

საია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ შემდეგ განცხადებას ხვალ, 22 ოქტომბერს, დღის  12:00 სთ-ზე გააკეთებს.