სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

2013-02-08 11:08
Featured image

 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ გმობენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად  გატარება, რათა  საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები. სიტუაციის განმუხტვა შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ მოხდა. სამინისტროს პირველი პირის აღნიშნულ საკითხში პირადად ჩარევა ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება. ყოველივე ამის გამო საჭირო გახდა პრეზიდენტის გამოსვლის გადადება.   

 
უნდა აღინიშნოს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. თუმცა, ამ უფლების რეალიზება კანონის ჩარჩოებში უნდა თავსდებოდეს. ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც წლების განმავლობაში უსამართლობის განცდა დაუგროვდა, თუმცა მსგავსი განცდა ვერ იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი.
 
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს ობიექტური და ეფექტური გამოძიება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში დააყენოს არეულობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა. 
 
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების უფლება მისცეს იმ ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომელთაც ამის სურვილი აქვს. სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადაიტანოს პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტის შენობაში. 
 
მოვუწოდებთ მხარეებს, ყველა ღონე იხმარონ რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება.