სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას რეკომენდაციები აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით

საიამ რეკომენდაციები წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  რესპუბლიკურ ბიუჯეტში აჭარის სარეზერვო ფონდის განმარტებასა და ხარჯვის პროცედურებთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამჟამად მუშაობს კანონპროექტზე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მესამე წელია ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდების მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად საიამ გამოავლინა არაერთი დარღვევა, რაც ძირითადად სარეზერვო ფონდების სახსრების არამიზნობრივ, თვითნებულ ხარჯვასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მუდმივ დარღვევაში გამოიხატებოდა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები შესთავაზა.

2006-07-12 20:00 სრულად ნახვა

უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე თამაზ ილიაშვილი ისევ გაამართლა

11 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ილიაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.  სადისციპლინო პალატამ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და განსახილველად უკან დააბრუნა კოლეგიაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკვე მეორედ გაუქმდა. გადაწყვეტილება პირველად გაუქმდა 2006 წლის 9 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგის მიერ. თამაზ ილიაშვილის ინტერესებს სასამართლოში სხვა ადვოკატებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

2006-07-10 20:00 სრულად ნახვა

ჟურნალისტ ეკა ხოფერიაზე ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა მყარ ტენდენციად იქცა. თუმცა იშვიათია ფაქტები, როცა ჟურნალისტები ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალტ ეკა ხოფერიას მხრიდან სამოქალაქო პოზიციის დაკავება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისასალმებელია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს ჟურნალისტი ეკა ხოფერიასათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით. ამ მუხლის თანახმად, “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან” დასჯადია.  დასჯადია ასევე იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.  ის პირები, რომლებიც აშკარად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტ ეკა ხოფერიას პროფესიულ საქმიანობაში, უნდა გამოაშკარავდნენ და დაეკისროს მათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონით დადგენილი წესით. თავის მხრივ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს მზადყოფნას, ეკა ხოფერიასა თუ ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული თავისუფლებაც იზღუდება, დაუდგეს მხარში  და დაეხმაროს მათ, სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები.

2006-07-06 20:00 სრულად ნახვა

კონკურსი სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლების სცენარებზე

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის კავშირის მხარდაჭერით ახორციელებს  "საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობის” პროექტს, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლების სცენარებზე შემდეგ თემებზე:

2006-07-05 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე “ოჯახური ძალადობა”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 12 ივლისს ატარებს ჟურნალისტთათვის ტრენინგს თემაზე “ოჯახური ძალადობა”. ტრენინგი დაიწყება 11.00 საათზე და გაგრძელდება 16.00 საათამდე. ტრენინგი ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მისამართზე კრილოვის ქ. 15. ტრენინგის მიზნებია: ოჯახური ძალადობის საკითხის ძირითადი არსის გაცნობა; სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გაცნობიერება; სამოქმედო გეგმაში ასახული ძირითადი  მიმართულებების განხილვა;საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების სფეროებისა და დებულებების შესწავლა;ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და შესაძლებლობების შემეცნება. ტრენინგში მონაწილეობა ჟურნალისტთათვის უფასოა. ტრენინგში მონაწილეობის მიღებისათვის გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 9 ივლისამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ტელ. 936101 ან 952353ან დაგვიკავშირდით იმეილზე: presscenter@gyla.ge საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული

2006-07-03 20:00 სრულად ნახვა

საიამ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლს. ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით სარგებლობენ და მოქალაქეებს სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ. მაგალითად, 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გიორგი ჩემიამ ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღის ვადით შეუფარდა მოქალაქე ვახტანგ მასურაშვილს. ზემოაღნიშნული მუხლით, ოცდაათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც.   

2006-07-02 20:00 სრულად ნახვა

საია საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს, პირდაპირ ეთერში გადასცეს გირგვლიანის სასამართლო პროცესი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 29 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს წერილი გაუგზავნა. წერილით ის თამარ კინწურაშვილს სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით გადაცემას სთხოვს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, “უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ”. იმდენად, რამდენადაც აღნიშნული სასამართლო პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, აუცილებელია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გასვლა. ეს ამავდროულად ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას სასამართლოს ობიექტურობისადმი.

2006-06-28 20:00 სრულად ნახვა

დევნილთა დარბევა აჭარაში

დღეს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა აჭარაში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში – სასატუმრო “მესხეთში” – და დაიწყო იქ მყოფი დევნილების ძალის გამოყენებით გამოსახლება. გამოსახლებას ახორციელებდა ე.წ. სპეცრაზმი, რომლის წარმომადგენლებიც არანაირ განმარტებას არ აკეთებდნენ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არ აცნობდნენ მოსახლეობას თავიანთ ვინაობას და გამოსახლების საფუძვლებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებლივად აფასებს რა მიმდინარე მოვლენებს, აცხადებს რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში უხეშად არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებს სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა იცავდეს, მით უფრო იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც დროებით საცხოვრებელ ადგილზე იმყოფებიან. მათი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა ევალება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

2006-06-28 20:00 სრულად ნახვა

საიას წარმომადგენლობით ვახტანგ მაჭავარიანმა სასამართლო პროცესი მოიგო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის სასარგებლოდ 1,5 წლის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვახტანგ მაჭავარიანის სარჩელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.  სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დავისა და სპორტის სამინისტროს ბრძანება ვახტანგ მაჭავარიანის განთავისუფლების ნაწილში და დაეკისრა ახალი ბრძანების გამოცემა, რომელშიც განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნება ვახტანგ მაჭავარიანის პირადი განცხადება. გარდა ამისა, “შრომის კანონთა კოდექსის” 98-ე მუხლის შესაბამისად სამინისტროს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის 15 ივნისიდან 2006 წლის 30 იანვრამდე ხელფასის ანაზღაურება.

2006-06-27 20:00 სრულად ნახვა

საიას ძალისხმევით ოზურგეთის რაიონის ბიუჯეტი კანონმდებლობის ჩარჩოში მოექცა

ოზურგეთის რაიონის გამგეობამ და რაიონის საკრებულომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინეს და რაიონის 2006 წლის ბიუჯეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებები შეიტანეს. ოზურგეთის რაიონის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2006 წლის ბიუჯეტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელი "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 24 თებერვალს შეიტანეს.

2006-06-26 20:00 სრულად ნახვა