საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის სასარგებლოდ 1,5 წლის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვახტანგ მაჭავარიანის სარჩელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დავისა და სპორტის სამინისტროს ბრძანება ვახტანგ მაჭავარიანის განთავისუფლების ნაწილში და დაეკისრა ახალი ბრძანების გამოცემა, რომელშიც განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნება ვახტანგ მაჭავარიანის პირადი განცხადება. გარდა ამისა, “შრომის კანონთა კოდექსის” 98-ე მუხლის შესაბამისად სამინისტროს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის 15 ივნისიდან 2006 წლის 30 იანვრამდე ხელფასის ანაზღაურება.