ოზურგეთის რაიონის გამგეობამ და რაიონის საკრებულომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინეს და რაიონის 2006 წლის ბიუჯეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებები შეიტანეს.
ოზურგეთის რაიონის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2006 წლის ბიუჯეტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელი "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 24 თებერვალს შეიტანეს.
სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ბიუჯეტის დამტკიცებამდე, გამგეობას მიეწოდა რეკომენდაციები, რომელიც თავის დროზე გამგეობამ არ გაითვალისწინა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოზურგეთის რაიონის საკრებულოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება ოზურგეთის ბიუჯეტის შესახებ უკანონოა, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მთელ რიგ მოთხოვნებს და იგი უნდა გაუქმებულიყო.
სარჩელის შეტანის პარალელურად აღნიშნული შენიშვნები კიდევ ერთხელ მიეწოდა რაიონული მმართველობის ორგანოებს. ამჯერად მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა თანამშრომლობაზე. შედგა არაერთი საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა ოზურგეთის რაიონის გამგებელთან და საფინანსო სამსახურის წარმომადგენელთან. მათ გაეწიათ პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაცია-დახმარება.
შედეგად მივიღეთ ის, რომ რაიონის ბიუჯეტის პროექტი თანდათან იხვეწებოდა და დღეისათვის ყველა შენიშვნა შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნა. მართალია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრიდან, რომ დღევანდელი ბიუჯეტი იდეალურია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ ეტაპზე ოზურგეთის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტი შეძლებისამებრ მაქსიმალურად მიუახლოვდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და კანონმდებლობის ჩარჩოში მოექცა. გარდა ამისა, პრესაში გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას საშუალება მიეცა გასცნობოდა მას.