2018 წლის 01 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ შეცვალა მანამდე გადაცემა ,,მოამბის” სიუჟეტში დაფიქსირებული პოზიცია და ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
საია მიიჩნევს, რომ წერილობითი გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს გადაწყვეტილებისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტსაც კი. კერძოდ:
- ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. ზემოაღნიშნული დოკუმენტი კი, შეიცავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას საჩივრის წარდგენის თაობაზე და სარეზოლუციო ნაწილს.
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო შედგება 9 მეურვისგან. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად კი, ,,სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მეურვეთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.” თუმცა, დოკუმენტიდან შეუძლებელია დადგინდეს იყო თუ არა უფლებამოსილი სამეურვეო საბჭო ემსჯელა საკითხზე და მიეღო გადაწყვეტილება.
- მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 22 თებერვლის სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია, გადაწყვეტილების მიღების დროს (2018 წლის 01 მარტი) სხდომის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა მარინა მუსხელიშვილი, რომლის ხმა, როგორც სხდომის თავმჯდომარის, გადამწყვეტი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევაზე გადაწყვეტილების მიღებისას (გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა გიორგი ნიჟარაძემ).
ნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არა მარტო წერილობით, ზეპირადაც კი, არ უმსჯელია სრულყოფილად ზვიად რატიანის სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებზე და ყურადღებას ამახვილებდა საქმისთვის ისეთ არაარსობრივ საკითხებზე, როგორიც არის:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმართული კამპანია - სამეურვეო საბჭო ვალდებული იყო განეხილა საჩივარი, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში გასულ სიუჟეტს და არ ემსჯელა თუ რატომ არ წარუდგინა საჩივარი მომჩივანმა სხვა არხებს მსგავსი სიუჟეტის გასვლასთან დაკავშირებით;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის მოპოვების კანონიერება - სწორად მოხდა თუ არა სასამართლოში ჩაწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სადავო ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვა. ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ აღნიშნული ჩანაწერის კანონიერად მოპოვების ფაქტს სადავოდ არ ხდიდა მხარე, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნული ჩანაწერი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ეს სიუჟეტი ეთიკის ნორმების დარღვევით იყო მომზადებული;
- ზვიად რატიანის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ზოგადად მედიაში გასული ინფორმაციის უარყოფითად შეფასება - მაშინ, როდესაც სამეურვეო საბჭომ თავად არ მიიჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სადავო სიუჟეტი ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დარღვევად, ამ ფონზე საბჭო მსჯელობდა სხვა მედიასაშუალებებში გასული ინფორმაციის უაროფითი მხარეზე.
გვსურს განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ჯეროვნად განიხილოს წარდგენილი საჩივრები და ამით, ერთგვარად უზრუნველყოს საზოგაოდებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხრიდან გაშუქების სტანდარტების დაცვა. მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მეტი ყურადღებით მოეკიდოს წარდგენილ საჩივრებს და მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისი წესით დაასაბუთოს.