სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების შესახებ

2009-04-14 20:00
Featured image


1) რა არის შეკრება?

შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

2) რა არის მანიფესტაცია?

მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.

3) რა შემთხვევაშია გათვალისწინებული ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა?

კანონით გათვალისწინებულია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, ანუ, თუ შეკრებამ ან მანიფესტაციამ შეიძლება შექმნას დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისას, ან ხელი შეუშალოს ხალხის მოძრაობას ქუჩებში.

4) როგორია გაფრთხილების წარდგენის პროცედურა?

თუ შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის სავალდებულოა პოლიტიკური პარტიების, გაერთიანების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების რწმუნებულების (შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ ნდობით აღჭურვილი პირების) მიერ სათანადო გაფრთხილების შეტანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აქციის ჩატარების ადგილის მიხედვით.

გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მის მოწყობამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს:

ა)    შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი და სვლაგეზი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა.
ბ)    მარწმუნებლის ვინაობა.
გ) პასუხისმგებელი პირების ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.

გაფრთხილებას უნდა ერთვოდეს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ გაცემული რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წერილობითი ფორმით უნდა მიუთითონ, თუ რა ფორმით მოახდენენ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობისას მონაწილეთათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას.

5) სად არის აკრძალული შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება?
  
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება აკრძალულია საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა შენობებში, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სასამართლოების შენობებში, აგრეთვე, ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა პროკურატურა, პოლიცია, სასჯელთა აღსრულებისა და სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო ნაწილები და ობიექტები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, საავადმყოფოები, დიპლომატიური დაწესებულებები და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორია. ასევე, გასათვალისწინებელია კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის და შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.

6) რა ვალდებულებები ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს?

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, რომლებმაც მიიღეს გაფრთხილება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე, ვალდებულნი არიან, განუმარტონ პასუხისმგებელ პირებს აღნიშნული კანონის ნორმები, კერძოდ, მიაწოდონ ინფორმაცია იმ მოთხოვნების შესახებ, რაც დაცული უნდა იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას და განუმარტონ მათი უფლებები. ასევე, გააფრთხილონ იმ პასუხისმგებლობის თაობაზე, რაც მოსალოდნელია კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, შექმნან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისათვის სათანადო პირობები.

7) რა უფლებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს?

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვს, განსაზღვროს მუდმივი ადგილი და დრო, სადაც შესაძლებელია შეკრების ჩატარება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება საფრთხეს შეუქმნის კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, არ დაუშვას შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას იმ შემთხვევაში, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს; თუ შეკრება და მანიფესტაცია _ ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით _ ემთხვევა სხვა შეკრებას ან მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი; თუ შეკრება ან მანიფესტაცია არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გასცეს რეკომენდაცია აღნიშნულის თაობაზე, თუკი აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან თუ აქციის ჩატარება დაგეგმილია ამ კანონით აკრძალულ ადგილას.

8) რა ვალდებულებები ეკისრებათ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს?

შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას აუცილებელია დაცული იქნეს ამ კანონის მოთხოვნები.

დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას ისეთი მოწოდებების გაკეთება, რომელიც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ. ასევე, დაუშვებელია მოწოდებები, რომლებიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ და სოციალურ შუღლს.

შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების, მომწამვლელი ნივთიერებანი და ალკოჰოლიანი სასმელები. დაუშვებელია მათ მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

ზემოთ ჩამოთვლილი კანონის მოთხოვნების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში, შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს. შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილენი ვალდებული არიან, დატოვონ შეკრება ან მანიფესტაცია პასუხისმგებელი პირების ან უფლებამოსილი წარმომადგენლების მოთხოვნისთანავე.

9) რა უფლებები აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს?

პირებს უფლება აქვთ, შეიკრიბონ წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განსახორციელებლად.

შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორებს უფლება აქვთ, სასამართლოში გაასაჩივრონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება გაფრთხილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელსაც სამი სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

10) როგორია პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის?

შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამ კანონით დადგენილი შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევ პირებს ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.



  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

1) როგორია პასუხისმგებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის?

შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა, ან იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას. ხოლო სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში, ანდა მისგან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე გამოიწვევს პატიმრობას. შეკრებისა და მანიფესტაციისათვის, ან მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გამოიწვევს დაჯარიმებას.

2) რა შეზღუდვებია დაწესებული პლაკატებისა და ლოზუნგების გამოყენებაზე?

პლაკატების, ბანერებისა და ლოზუნგების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, აგრეთვე, შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე თვითნებურად წარწერების, სიმბოლოების, ნახატების შესრულება გამოიწვევს დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას. ასევე დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული ქმედების გამოუსწორებლობა ჩადენიდან 10 დღის ვადაში. აგრეთვე, აკრძალულია და დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული ქმედების ჩადენა `კულტურული მემკვიდრეობის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.



საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

1) როგორია პასუხისმგებლობა შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლისათვის?

შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი _ ერთ წლამდე ვადით, ან  თავისუფლების აღკვეთით _ ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით _ ვადით სამ წლამდე.

თუკი იგივე ქმედება ჩადენილია იარაღის გამოყენებით, ან ქმედებით, რომელმაც გამოიწვია მასობრივი არეულობა, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით _ ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით _ ვადით სამ წლამდე.

2) როგორია პასუხისმგებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის?

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით _ ვადით ორ წლამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი _ ვადით ერთ წლამდე.



საქართველოს კანონი `პოლიციის შესახებ~

1) რა ვალდებულებები ეკისრება პოლიციას?

პოლიციის ამოცანაა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, ასევე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.

პოლიცია ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება.
 
2) რა უფლებები აქვს პოლიციას?

პოლიცია უფლებამოსილია, აღკვეთოს უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და მიმდინარე აქცია, თუ იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებასა და კანონით დაცულ სხვა უფლებებს.

პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად.


  
საქართველოს კანონი `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~

1) რა უფლებამოსილება აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეკრებებისა და მანიფესტაციების საკითხთან დაკავშირებით?

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება `საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ~

1) როგორია საპატრულო სამსახურის ამოცანები?

საპატრულო სამსახურის ამოცანებს წარმოადგენს: დაიცვას სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებები მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ასევე, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება. საპატრულო სამსახურს ევალება აგრეთვე საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და ზედამხედველობა საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე.



ქალაქ თბილისის მერის ბრძანება `ქალაქ თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ~

1) რომელია ქალაქ თბილისში დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ორგანო?

ქალაქ თბილისში დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური. აღნიშნული სამსახური ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. იგი შექმნილია ქ. თბილისის მთავრობისათვის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის საკითხებში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.

2) როგორია დასუფთავების სამსახურის ფუნქციები?

დასუფთავების სამსახურის ფუნქციას მიეკუთვნება დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება, ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად საჭირო წესების პროექტების შემუშავება, დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისა და შესრულების კონტროლი.

3) რა ვალდებულებები ეკისრება დასუფთავების საქალაქო სამსახურს?

დასუფთავების სამსახური ვალდებულია, განახორციელოს სანიტარული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულების კონტროლი, ასევე, ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოსა და მთავრობის მიერ მიღებული აქტების შესრულებას. აღნიშნული აქტების დარღვევის შემთხვევაში, დასუფთავების სამსახური ვალდებულია, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და დარღვევის აღმოსაფხვრელად გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებანი, თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დროულად მოამზადოს დოკუმენტები და წარადგინოს სათანადო ინფორმაცია ქალაქ თბილისის მერთან და საკრებულოში.