ქართული კანონმდებლობის თანახმად სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლო სხდომის დარბაზში. კონკრეტული ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ, მაგრამ სხდომის განხილვა თუ მთლიანად ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლებდა, ალბათ ამის წარმოდგენა რთული იქნებოდა.
2020 წლის 20 მარტს შეხვედრა გაიმართა უზენაესს სასამართლოში, სადაც შეთანხმდა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში მართლმსაჯულება სამართალწარმოების მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდოდა.
2020 წლის 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტის დეკრეტის მე-7 მუხლის მიხედვით კი, შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვა, კერძოდ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
დისტანციური სამართალწარმოების ელემენტები არ არის უცხო სისხლის სამართლის პროცესისათვის. დღეს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბერი) 243-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს მოწმის დისტანციურად დაკითხვის შესაძლებლობას. სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი უჩვენებს, რომ ეს ნორმა აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაშიც.
2012 წლის 5 ივნისის კანონით „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილება განიცადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე და 188-ე მუხლებმა, რომლის თანახმადაც როგორც ბრალდებულს, ასევე მხარეს მიეცა შესაძლებლობა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2018 წლის 20 ივლისის კანონით “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საპროცესო კოდექსი 113-ე მუხლს დაემატა მე-11 ნაწილი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი.
დღეს უკვე დისტანციურად ტარდება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის სხდომები, აგრეთვე, არსებითად განიხილება ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა განხილვაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტულია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით იმ მიზნით, რომ არ მოხდეს პროცესების გაჭიანურება და ამავდროულად დაცული იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დისტანციური სამართალწარმოება ერთის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყეს ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელების ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ესენია, მათ შორის, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო სხდომის საჯაროობისა და ზეპირობის (სსსკ-ის მე-10 მუხლი) ასევე, მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის (სსსკ-ის მე-14 მუხლი) პრინციპები.
ზოგადად, უფლება საჯარო სასამართლო განხილვაზე იცავს მხარეებს მართლმსაჯულების ფარულად და თვითნებურად განხორციელებისაგან, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და სასამართლო სისტემის საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას და მართლმსაჯულების მიმართ მოსახლეობის ნდობის განმტკიცებას. ეს ნიშნავს პროცესის მონაწილეთა, საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლების უფლებას, დაესწრონ სასამართლო განხილვას.
ზეპირობა ხელს უწყობს საქმეში არსებული და მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის მონაწილეების და მხარეების მიერ უშუალოდ აღქმას. ზეპირობა უკავშირდება უშუალობას, მაგრამ არ არის მისი იდენტური. ზეპირობის პრინციპი დამახასიათებელია მთლიანი სამართალწარმოებისათვის, ხოლო უშუალობა - სასამართლო გამოძიების/სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის ნაწილისათვის. სასამართლოში საქმისწარმოებისას უშუალობის პრინციპი უზრუნველყოფს პროცესის მონაწილის შესაძლებლობებს დააკვირდნენ მოწმეთა ქცევას დაკითხვისას. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს დასაკითხ პირთან, ბრალდებულის უფლებას დაუპირისპირდეს მოწმეებს იმ მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევასა და სანდოობაზე დაკვირვება.
დისტანციური სამართალწარმოებისას აუცილებელია არ დაირღვეს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპი, როგორიცაა ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუკი დაკავებული ან პატიმრობაში მყოფი პირის უფლებების ეფექტიანი დაცვის განსახორციელებლად, დისტანციური პროცესის მსვლელობის დროს, აუცილებელია ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ცალკე კომუნიკაცია, სასამართლო უზრუნველყოფს შესვენების გამოცხადებას, ხოლო შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მისცემს ცალკე დისტანციური კომუნიკაციის შესაძლებლობას. აუცილებელია, ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ დისტანციურმა რეჟიმმა უკანა პლანზე არ გადაწიოს ის პრინციპები და ეთიკური ვალდებულებები, რომლებსაც ემყარება ზოგადად სამართლიანი მართლმსაჯულება.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებით ახალი რეალობა შეიქმნა ქართულ სამართალწარმოების სისტემაში. დღეის მდგომარეობით, დისტანციურად გამართულ პროცესზე არ არის შესაძლებელი დაინტერესებული პირის ჩართვა, შეუძლებელია სხდომების მონიტორინგი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - საჯაროობის დაცვა და სისხლის სამართლის პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად პროცესში ობიექტური დამკვირვებლის ჩართულობა.
მთვარისა შველიძე
საია-ს მონიტორი
ბლოგპოსტი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროექტ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. ბლოგპოსტის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეიძლება ის არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-¬დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.