უსინათლო მოქალაქემ მეზობელს დავა მოუგო
2009-08-11 20:00
2008 წლის მაისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაწოდეს ინფორმაცია მოქალაქე ნ.გ.-ს შესახებ, რომელიც I ჯგუფის უსინათლოა, ჩავარდნილია ლოგინად და ვერ გადაადგილდება.
ნ.გ. ცხოვრობს თბილისში, კორპუსის ტიპის ბინაში II სართულზე. მისი საცხოვრებელი ბინის ქვემოთ მეზობელმა დაიწყო აივნის მოშენება. აღნიშნულმა საბოლოო სახე მიიღო 2004 წელს. აივნის მშენებლობა წარიმართა ყოველგვარი ნებართვების გარეშე. აივანი მიშენებულია ოროთახიანი ბინის მთელ პერიმეტრზე. აღნიშნული აივნითY გაუარესდა ნ.გ.-ს საყოფაცხოვრებო პირობები. კერძოდ, შეუძლებელი გახდა სარეცხის გაფენა, ყოვლად დაუცველია ბინაში შეღწევის უსაფრთხოების პირობები, აივანი დახურულია თუნუქის სახურავით, რაც სიცხეში შეუძლებელს ხდის შესაბამის ოთახში ყოფნას, გარდა ამისა, გადახურული აივანი წარმოადგენს ანტისანიტარიის ადგილს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნ.გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისი'საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა უნებართო აივნის დემონტაჟი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც საიას ადვოკატების მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზნაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო, დააკმაყოფილა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეები მორიგდნენ შემდეგ პირობებზე: ა.შ.-მ (მეზობელმა) ვალდებულება აიღო ნ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ქვემოთ მიშენებულ აივანზე ნ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის საძინებლისა და სამზარეულოს ფანჯრების მხარეს მოახდინოს აივნის სახურავის, ბოძებისა და გისოსების დემონტაჟი და შეინარჩუნოს იგი ღია მდგომარობაში, ხოლო გადახურული აივანი შეინარჩუნოს მხოლოდ ნ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის შემინული ლოჯიის მხარეს, აივნის ქვემოთ. ამასთან, აივნის სახურავი მოიყვანოს დახრილ მდგომარეობაში, აივნის სიმაღლის 35 სანტიმეტრით მოკლების ხარჯზე. აივნის სიმაღლე სახურავის დახრილ მდგომარეობაში მოყვანით საბოლოოდ განისაზღვროს 2 მეტრითა და 40 სანტიმეტრით, ნაცვლად 2.075 მეტრისა. ასევე, აივნის გადახურვა ნაცვლად თუნუქისა, შეიცვალოს სახურავის მასალად ვარგისი და სახურავად გამოსაყენებადი პლასტიკატის მასალის გადახურვით. მორიგების პირობების შესრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 30 სექტემბერი.