სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების უფლებების აღდგენის პრობლემური საკითხები

2023-07-05 14:27
Featured image

საკუთარი უფლებების დაცვის გზა, პირველ ეტაპზე, ია-ვარდების ნაცვლად გაჭიანურებული სასამართლო პროცესებით და სტრესით რომ არის მოფენილი, ეს არახალია, მაგრამ არანაკლებ ეკლიანია შემდეგი ეტაპიც, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულების დროში გაწელილი პროცესით და მოვალის თვითნებური ქმედებებით არის გაჟღენთილი. ეს ქმედებები კი, არცერთ კანონს თუ კანონქვემდებარე აქტს არ შეესაბამება. მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად საჯარო სამსახურში დასაქმებული და უკანონოდ გათავისუფლებული პირები სასამართლოში დავას იგებენ, თუმცა, სასამართლოს სამი ინსტანციის გავლის შემდგომაც მთავარი ბრძოლა შეიძლება წინ ელოდეთ. 

ძნელი წარმოსადგენია, სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, გადაწყვეტილების სწორად და სწრაფად აღსრულება რთული რატომ უნდა იყოს, მაგრამ სწორედ აქ იწყება პრობლემათა ლაბირინთი, რომლის თითოეული მოსახვევის ბოლოს მოვალის, ყოფილი დამსაქმებლის, პასუხი გხვდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მოხელის მოთხოვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ,,...ვერ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.“

შესაძლოა მკითხველი ფიქრობდეს, რომ ზემოაღნიშნული გაზვიადებულია, თუმცა, ნამდვილად არა, ვინაიდან არაერთი რეალური და მიმდინარე საქმე[1] არსებობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელშიც უკანონოდ გათავისუფლებული პირი სამართლის და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება. ამ საქმეებზე დამსაქმებლის პასუხები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მოვალე[2] უარს აცხადებს პირის სამსახურში ტოლფას სამუშაოზე (თანამდებობაზე) აღდგენაზე და რეზერვში რიცხავს; იძულებითი განაცდურის თანხას, ისევე, როგორც კომპენსაციის თანხას, მისთვის ხელსაყრელად ანგარიშობს და თავად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნებსაც არ ემორჩილება. ეს საქმეები ,,ცისფერ მთებს“ მოგაგონებთ, რადგან ის პროცესი, როგორ ფერხდება დასაქმებულთა უფლებებში აღდგენა, რთულია, სხვა რამეს შეადარო.    

ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პრობლემაზე იქნება, რომელიც მოვალის მიერ იმ ხელფასის გათვალისწინებით დათვლაში და ანაზღაურებაში გამოიხატება, რომელიც მისი განმარტებით, კრედიტორის ბოლო თანამდებობრივ სარგოს შეადგენდა. ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილებების შესაბამისად, მოხელეთა გათავისუფლებამდეც და მის შემდგომაც, ახლებურად განისაზღვრა საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები. პირველ ნაწილში მოვალე ამბობს, რომ სახელფასო ცვლილება მხოლოდ კონკრეტული პერიოდის შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდებოდა, მოხელეებს კი ხელფასის გაზრდა არ ეხებოდათ. მეორე მხრივ კი, როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროს სწერს, იგი ,,არ იზიარებს განაცდური ხელფასის გაანგარიშებას თანამდებობრივი სარგოს ცვლილებების გათვალისწინებით.“

სახელფასო ცვლილებების ნაწილში პრობლემურია იმ სასამართლოს განმარტებებიც, რომლის გადაწყვეტილების აღსრულებაც მიმდინარეობს. სასამართლომ, გადაწყვეტილების განმარტებისას მიუთითა, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო დასაქმებულის გათავისუფლებამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად. გაზრდილი ხელფასი კი, მოხელეს დაენიშნებოდა სამსახურში დანიშვნის შემდეგ. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალ პრაქტიკას, რომლითაც დადგენილია, რომ უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით.[3]ანაზღაურებაში შემავალი კომპონენტების ამომწურავ ჩამონათვალს გვთავაზობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც 6 თვიანი კომპენსაციის ანაზღაურების გარდა, ასევე მოიცავს მიუღებელი თანხის (ყველა კომპონენტის და ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით) სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.[4] სასამართლო პრაქტიკა პირისთვის სახელფასო დანამატის, მათ შორის, ყოველკვარტალური, სადღესასწაულო პრემიის ანაზღაურებასაც[5] კი ითვალისწინებს, რაც მისი უკანონოდ გათავისუფლების პირობებში[6] გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე პირებზე იქნა გაცემული.[7]   

პრობლემაა მოვალის მიერ პროცესის გაჭიანურებაც. მაგალითად, მისი წერილის თანახმად, იძულებითი ღონისძიებების დაწყებამდე, შიდა პროცედურების დასრულებისთანავე, უზრუნველყოფდა ასანაზღაურებელი განაცდური ხელფასის სხვაობის ჩარიცხვას. გარკვეული პროცესებიც დაიწყო ამისთვის, თუმცა, საბოლოოდ, თავის მიერვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, განაცდურების სხვაობის ანაზღაურების შესახებ, ბათილად ცნო და უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს შემდეგი რეკომენდაციები:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ქმედითი;

- მოვალე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად შეასრულონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებები  და უზრუნველყონ გადაწყვეტილების აღსრულება;

- საქართველოს რაიონულმა/საქალაქო სასამართლოებმა სამართლებრივი ნორმების განმარტებებისას გაითვალისწინონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა. 

 

ავტორი: ცირა ჯანანაშვილი

 ბლოგი  მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილი პროექტის : "Შრომითი უფლებების ადვოკატირება საჯარო სამსახურში" ფარგლებში. შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას და დონორის ორგანიზაციის პოზიციას.

 

 

 


[1] ბლოგი მომზადებულია აღნიშნული საქმეების სააღსრულებო მასალების გაცნობისა და ადვოკატთან გასაუბრების საფუძველზე.   

[2] ყველგან, სადაც გამოყენებულია სიტყვა ,,მოვალე”, იგულისხმება ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლიდანაც უკანონოდ გაათავისუფლეს მოხელეები. 

[3] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება, საქმეზე №ბს-1140(კ-19).

[4] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება, საქმეზე №ბს-733(კს-20).                                                              

[5] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება, საქმეზე №ბს-1309(კ-19).                                           

[6] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინება, საქმეზე №ბს-703(2კ-20).                                                                           

[7] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება, საქმეზე №ბს-783(2კ-21).