დღეს, 28 ივლისს, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ თანასწორობის ინსტიტუტის წევრები.
როგორც მოგეხსენებათ, 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 309-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ხელისუფლებას უნდა ეხელმძღვანელა კანონით პატიმრობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს პატიმრობის აღსრულების პრინციპებსა და წესებს, პატიმართა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
აღნიშნული კანონის 66-ე მუხლით დადგენილია გათავისუფლების საერთო წესი – “გასათავისუფლებელი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების წინა დღის პირველ ნახევარში. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. მას მიეცემა ცნობა გათავისუფლების შესახებ.”
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თანასწორების ინსტიტუტის წევრთა ადვოკატები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოსო ბარათაშვილი და ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის - მივიჩნევთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებსაც უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, ამა წლის 28 ივლისის დღის 3 საათიდან იმყოფებიან პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.