დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და უსაფრთხო მსოფლიო 2009 წლიდან ერთობლივად ახორციელებენ პროგრამას, რომლის მიზანია, დავეხმაროთ ფართო საზოგადოებას ოთხ სამიზნე რეგიონში (სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი), გააანალიზოს და დაგეგმოს მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ხელი შეუწყოს უფრო მეტად კონსტრუქციულ დისკუსიებს ფართო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. აღნიშნული პროექტის სხვადასხვა ფაზა დაფინანსებულ იქნა ნაწილობრივ ევროკავშირისა და ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების ფონდის მიერ.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ რეგიონში შეიქმნა 10-15 წარმომადგენლისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა გარკვეული გამოცდილების მქონე პირებისგან კონფლიქტის საკითხებზე მუშაობის მიმართულებით და, ასევე, სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლებისგან. 2009-2011 წლების განმავლობაში მათ უტარდებოდათ ტრენინგები კონსულტაციების წარმოების, ინფორმაციის მოძიებისა და გაანალიზების, აგრეთვე, საჯარო გამოსვლების უნარების გაღრმავებაში. ჯგუფების წევრები თავიანთ რეგიონებში კონსულტაციებს ეწეოდნენ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. პროცესი, ასევე, ითვალისწინებდა შეხვედრებს ოთხი რეგიონის წარმომადგენლებს შორის მათი რეგიონების პერსპექტივების ანალიზისა და სტრატეგიების გაზიარების მიზნით.
2009-2011 წლებში შერჩეულმა ჯგუფებმა 4 სამიზნე რეგიონის ადგილობრივ მოსახლებასთან კონსულტაციების 6 რაუნდი ჩაატარა. აღნიშნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა 4 რეგიონული და ერთი ეროვნული სტრატეგია, რომელშიც ხაზგასმულია რეგიონისათვის/ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და თითოეული საკითხი განხილულია მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით მისი მნიშვნელობის მიხედვით, ასევე, გაანალიზებულია მათი გავლენის მასშტაბები ეროვნულ დონეზე, წარმოდგენილია გამომწვევი მიზეზები და რეკომენდაციები მათი გადაჭრისათვის.
შემუშავებული სტრატეგიების საფუძველზე ჩატარდა რვა საჯარო დისკუსია თემაზე - „ერთად დავგეგმოთ მშვიდობა“, რომელმაც მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა, გაეზიარებინათ მიდგომები მთავარ გამოწვევებზე, როგორიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა საქართველოში და დაეგეგმათ ეფექტურად მართვის ღონისძიებები.
თითოეული დისკუსია ფოკუსირებული იყო კონკრეტულ საკითხზე, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო იმ რეგიონისათვის.
დისკუსიებში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ოთხ დისკუსიაზე გადაღებულ იქნა ფილმები და მათი ჩვენება მოხდა ადგილობრივი ტელევიზიების მეშვეობით.
საჯარო დისკუსიების ორივე სერია – „ერთად დავგეგმოთ მშვიდობა“ დამთავრდა დასკვნითი შეხვედრით რომელიც ჩატარდა თბილისში, აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. შეხვედრები გახსნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა - ჯუდით გოფმა. მონაწილეებმა განიხილეს როგორც პროექტის ფარგლებში შემუშავებული სტრატეგია, ასევე, რეგიონებში ჩატარებული დისკუსიის შედეგები.
პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა და გამოიცა ბროშურა „აგვისტოს ომის შედეგები: ვინ რას აკეთებს ამასთან დაკავშირებით და როგორ აისახება ეს ადამიანების ცხოვრებაზე“. ეს ბროშურა აღწერს წამყვან მოთამაშეთა პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმებს და ამ უკანასკნელთა გავლენას რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აღნიშნული გამოცემა გავრცელდა სამიზნე რეგიონებში და მას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.