სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

უფლება სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე

2022-08-11 14:44
Featured image

2022 წლის 28 ივლისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია მიიღო - სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე წვდომის უფლება პირველად აღიარა ადამიანის ძირითად უფლებად საერთაშორისო დონეზე.[1]

ეს რეზოლუცია განსაკუთრებული მნიშვნელობის არის თანამედროვე გარემოსდაცვითი პრობლემების კონტექსტში. დღესდღეობით მსოფლიო სამი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების განადგურება და გარემოს მწვავე დაბინძურება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, ღირსეულ არსებობასა და მთელი რიგი სხვა ძირითადი უფლებებით სათანადო სარგებლობას.[2]

ამ უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, უახლოეს პერიოდამდე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება აღიარებული არ იყო ადამიანის ძირითად უფლებად საერთაშორისო დონეზე. ჯერ კიდევ 1948 წელს, როდესაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღეს, გარემოსდაცვითი კუთხით არ არსებობდა საკმარისი მეცნიერული ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემდა კაცობრიობას, სათანადოდ შეეფასებინა ის საშიშროება და რისკები, რომლებსაც ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილება, გარემოს დაზიანება, მისი დაბინძურება წარმოშობს. დღესდღეობით კი უკვე დაგროვებული მეცნიერული ცოდნისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეფასების შედეგად ნათელი გახდა, რომ გარემოსდაცვით პრობლემებზე არასათანადო რეაგირების პირობებში ადამიანსა და მის ღირსეულ არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გარემოს დაცვა საერთაშორისო დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა და ამ მხრივ ძალიან ბევრი საერთაშორისო, რეგიონული თუ ეროვნული სამართლებრივი აქტი მიიღეს.

გასულ თვეში მიღებული რეზოლუცია კი გამოირჩევა იმით, რომ ის პირველად პირდაპირ აღიარებს, რომ სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე წვდომის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება და სხვა უფლებებით სათანადოდ სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა. მეორე მხრივ, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს საწარმოებს და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს, გარემოს დაცვის კუთხით გაატარონ შესაბამისი პოლიტიკა, გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა, ხელი შეუწყონ შესაბამისი შესაძლებლობების განვითარებას, გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა, რათა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემო ყველასთვის ხელმისაწვდომი. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია სამართლებრივად მბოჭავი ხასიათის არაა და სახელმწიფოებს კონკრეტულ ვალდებულებებს არ აკისრებს, ის მაინც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გარემოსდაცვითი კუთხით: ის უბიძგებს და მეტად წაახალისებს სახელმწიფოებს, დანერგონ გარემოსდაცვითი კუთხით არსებული კონვენციები და ხელშეკრულებები ეროვნულ დონეზე, სათანადოდ დაიცვან თავიანთი კონსტიტუციებით გარანტირებული უფლება ჯანსაღ გარემოზე.[3]  

 

საქართველო და გარემოს დაცვა

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება პირდაპირ არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციითაც. კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ამასთან, ეს მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით აუცილებელია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა. 

იმისთვის, რომ საქართველომ შესძლოს ამ უფლების დაცვა და ხალხს მიეცეს საშუალება, გარემოს დაცვის კონტექსტში სარგებლობდეს თავისი კონსტიტუციური უფლებებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სათანადოდ შეასრულოს საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა თუ კონვენციებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები. ამასთან, ქვეყანაში სათანადოდ უნდა იყოს გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციითა და ორჰუსის კონვენციით[4]განსაზღვრული ე.წ. გარემოსდაცვითი პროცედურული უფლებებიც:

1. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება და სახელმწიფო მათ არ უნდა უქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს, ხელი მიუწვდებოდეთ გარემოს დაცვის კუთხით არსებულ საჯარო ინფორმაციაზე;

2. ყველა დაინტერსებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, შინაარსობრივად მონაწილეობდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

3. ნებისმიერ პირს ხელი უნდა მიუწვდებოდეს სამართლიან და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე, თუ ის მიიჩნევს, რომ ირღვევა თავისი უფლება ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასა თუ ბუნებრივი რესურსებით სათანადო სარგებლობაზე.[5]

თანამედროვე გარემოსდაცვითი პრობლემების კონტექსტში, როდესაც სამყარო ორმაგი გამოწვევის წინაშე დგას: ერთი მხრივ, ტრადიციული ენერგიის (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი) წყაროების გამოყენება იწვევს კლიმატის ცვლილებას, მეორე მხრივ კი, ხალხს განვითარებისა და ღირსეული არსებობისთვის აუცილებლად ესაჭიროება ენერგია, სახელმწიფოები რაც შეიძლება დროულად უნდა გადავიდნენ სუფთა, მწვანე ენერგიის გამომუშავებასა და მოხმარებაზე.[6] ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომაც დაინტერესებული პირების შინაარსობრივი ჩართულობით დროულად მიიღოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სოციალურ ინტერესებთან, ასევე საერთაშორისო თუ რეგიონულ დონეზე საქართველოს მიერ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების კუთხით ნაკისრ ვალდებულებებთან და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტებთან. 

 

ანა ბერიძე- საიას ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 

 


[1] UGNA Res 76/L.75 (26 July 2022) UN Doc A/76/L.75.

[2] UN News, “Why the UN General Assembly must back the right to a healthy environment” (22 July 2022) ხელმისაწვდომია:https://news.un.org/en/story/2022/07/1123142, ბოლო ნახვა: 08.08.2022. 

 

[3] UNEP, “In historic move, UN declares healthy environment a human right” (28 July 2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BTEHtA, ბოლო ნახვა: 08.08.2022.

[4]„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია (30 ოქტომბერი 2001). 

[5] საქართველოს კონსტიტუცია, 29-ე მუხლი. 

[6] UN, “Renewable energy – powering a safer future”, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BPzVxh, ბოლო ნახვა: 08.08.2022.