2022 წლის 14 აპრილს საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კერძოდ, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედას, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანაც სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცილა, აუნაზღაუროს მორალური ზიანი.
მსხვერპლი ქალი მეუღლის (და შემდგომ ყოფილი მეუღლის) მხრიდან განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომლისგან დასაცავადაც, 5 წლის მანძილზე, მას 16-ჯერ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ამის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებმა არ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული ეფექტიანი ღონისძიებები. 2017 წლის თებერვალში მსხვერპლი გარდაცვლილი იპოვეს და მისი ყოფილი მეუღლე პასუხისგებაში მისცეს თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო (თუმცა, უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე საბოლოდ ოჯახში ძალადობად გადააკვალიფიცირა).
საიამ გარდაცვლილი პირის დედის სახელით მიმართა სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისგან მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება - ვინაიდან სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს მისი შვილის სიცოცხლის უფლების დაცვა, მიუხედავად დახმარების თხოვნით 16-ჯერ მიმართვისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე - გენერალური პროკურატურა, ვინაიდან პროკურატურამ სათანადოდ არ შეაფასა მსხვერპლის არაერთი მიმართვა, მოძალადის ქმედებები და არ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები მოძალადის პასუხისმგებლობის დროულად დასაყენებლად. სააპელაციო სასამართლოში საქმე მოსამართლე შოთა გეწაძემ განიხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ არ აღიარეს დარღვევა და გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც, ქვედა ინსტანციების მსგავსად, ამტკიცებდნენ, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრებოდათ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მომხსენებელი მოსამართლე - ქეთევან ცინცაძე) მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა და საჩივრები დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, ძალაში დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც ფემიციდის სხვა ფორმების (როგორიც არის განზრახ მკვლელობა) შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანის დროსაც სახელმწიფო ორგანოებს უნდა ეკისრებოდეთ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როცა მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი და არ დაიცვეს იგი მათ ხელთ არსებული საშუალებებით. საქმე არის საქართველოსთვის პრეცედენტული, როდესაც აღნიშნულ საკითხს სასამართლო თვითმკვლელობამდე მიყვანის თავიდან აცილების კონტექსტში მიმოიხილავს (წარსულში საიამ მსგავსი საქმეები განზრახ მკვლელობის, როგორც ფემიციდის ფორმის, შესახებ აწარმოა).
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე იმის გამო, რომ იგი ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება) გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სტამბოლის კონვენციის, CEDAW-ს კომიტეტის ზოგად კომენტარებს და გვთავაზობს არგუმენტაციას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სიღრმისეულ მიმოხილვაზე დაყრდნობით. აღნიშნული სტანდარტების ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენება ნიშანდობლივია საქართველოს სასამართლო პრაქტიკის პროგრესული განვითარებისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად - რისი ცხადი მაგალითიც არის აღნიშნული საქმე.
გარდაცვლილი ქალის დედის სახელით საქმეს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს, სადაც საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი დავობენ, ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრმინაციის აკრძალვა) მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე. მიუხედავად ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული პროგრესული და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისი გადაწყვეეტილებისა, საქმე ევროპულ სასამართლოში გრძელდება - ვინაიდან, ევროპული სასამართლოს პრეცენდეტული სამართლის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურება არ არის საკმარისი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ისეთი მძიმე დარღვევისთვის, როგორიც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებია.
საია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.