სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წინასაარჩევნო პერიოდი და საბიუჯეტო ცვლილებები აკრძალვებს მიღმა

2016-09-08 14:49
Featured image

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში ტრადიცულად 2 თვეს გრძელდება, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოთხი თვით განისაზღვრა. აღნიშნულმა   როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ასპექტები გააჩინა. მაგალითად, საბიუჯეტო ცვლილებებისა და ახალი პროგრამების განხორციელება/არსებულის ზრდა, რომელიც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან, რიგ შემთხვევებში სწორედ კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ განხორციელდა.

 მიმდინარე წელს ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიუჯეტში ცვლილებები 60 დღიანი პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა, რამაც აკრძალვის ფორმალურ ხასიათს გაუსვა ხაზი.

კახეთი - გურჯაანი

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ოფიციალურად გამოცხადებამდე 2 დღით ადრე 2016 წლის 6 ივნისს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განახორციელა ცვლილება, რომელიც მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამებისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხებოდა. ცვლილების შედეგად გურჯაანის რაიონში მცხოვრები 20 აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს, მუნიციპალიტეტის გამგეობისგან 500 ლარს მიიღებს. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარება და თითოეულ სტუდენტს 500 ლარიანი საგარანტიო ბარათი გადაეცემა. ცვლილებით გათვალისწინებულია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსებაც, რომელსაც  მიიღებენ ის სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტები, რომელთა ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში. ასევე, გამგეობის გადაწყვეტილებით, თვეში 60-დან 150 ლარამდე დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები. სოციალური პროექტების განსახორციელებლად გურჯაანის თვითმმართველობა ჯამში 1 249 000 ლარს გამოყოფს.

ნათელია, რომ აღნიშნული თანხების გამოყოფა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ისახავს მიზნად, თუმცა ფორმალურად კანონის დარღვევას არ წარმოადგენს.

თბილისი

თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ბოლო ცვლილება 24 ივნისს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდგომ განხორციელდა. ყველა ცვლილების გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლებმა ბიუჯეტის შემოსავალმა საერთო ჯამში,  შეადგინა 808 226 000 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 10%–ით ნაკლებია. აპრილის თვის ცვლილებებთან შედარებით აღნიშნული თანხა გაზრდილია 18 042 500 ლარით. 

24 ივნისს განხორციელებული ცვლილებები ძირითადად შეეხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–აღდგენას, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებას, ჯანმრთელობის დაცვას,  სოციალურ უზრუნველყოფასა და განათლებას. კერძოდ, სატრანსპორტო ინფრანსრუქტურის მშენებლობა–აღდგენისათვის, ბოლო ცვლილებებით, გამოყოფილია  118 662 900 ლარი. ბიუჯეტის თავდაპირველი რედაქციით, აღნიშნული პრიორიტეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის, გამოყოფილი თანხა შეადგენდა 103 300 000 ლარს, ბიუჯეტის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აპრილის თვის ცვლილებებით აღნიშნული თანხა გაიზარდა 1 012 176 ლარით, ხოლო უკანასკნელი ცვლილებებით – 7 115 300 ლარით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პრიორიტეტს დაემატა რამდენიმე ქვეპროგრამა, მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია და მშენებლობა (010203), ასევე საბაგირო ტრანსპორტის განვითარება (010208), რომლისთვისაც გამოყოფილია 7000 000 ლარი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებას, 2016 წლის აპრილის თვის ცვლილებებით, გამოყოფილი იყო 181 457 100 ლარი, ხოლო 24 ივნისის ცვლილებებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2 585 000 ლარით. 1 050 000 ლარით გაიზარდა პროგრამა: 2015 წლის 13–14 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები (0211), ასევე 300 000 ლარით გაიზარდა პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების ხელშეწყობას, ბოლო ცვლილებებით კეთილმოწყობისღონისძიებებისათვის დამატებულია 685 000 ლარი.

 

აპრილის თვის ცვლილებებთან შედარებით, ივნისის თვეში განხორციელებული ცვლილებებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხა გაზრდილია 5.2%–ით. პროგრამა, სოციალური დაცვა, (06 02) გაზრდილია 10 602 200 ლარით. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდებას, კერძოდ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთათვის ფულადი თუ სხვა სახის დახმარების გაწევას.

24 ივნისს განხორციელებული ცვლილებებით 2 714 500 ლარით არის გაზრდილი განათლების პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხები. აღნიშნული თანხის 88,4% ემატება სკოლამდელი განათლების სისტემის მართვასა და განვითარებას.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დედაქალაქის მთავრობას პრიორიტეტები არ შეუცვლია და ისინი, როგორც 2016 წლის, ისე წინა წლების ბიუჯეტებში,  შემდეგი თანმიმდევრობით არის მოცემული:

1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–აღდგენა,

2. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება,

3. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება,

4. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა,

 5.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება,

6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა,

7. განათლება,

8. კულტურა სპორტი და ახალგაზრდობა,

9.საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება,

10. ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოცემული პროგრამებისათვის თანხის გაზრდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბადებს ეჭვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაანაწილოს ისეთ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობაში კმაყოფილებას, საბოლოო ჯამში კი, არჩევნებზე მათი მხარდამჭერების რიცხვის ზრდას გამოიწვევს.