თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა ხდება თუ არა სამართლიანობის აღდგენა. 6 წელია მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ უკანონო, ძალადობრივი გზებით წართმეული ქონების შენარჩუნებისთვის ბრძოლას. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად ხდება უსამართლობის დაკანონება. ხელისუფლების სხვადასხვა ორგანო - სასამართლო, პროკურატურა, ეკონომიკის სამინისტრო მოქმედებენ ორკესტრირებულად იმ მიზნით, რომ წართმეული ქონება მათ კანონიერ მესაკუთრეებს არ დაუბრუნდეთ. აღნიშნული მოქმედების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებას 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის გადადება წარმოადგენს (მომხსენებელი მოსამართლის ოთარ სიჭინავას შვებულებაში გასვლის გამო).
თბილისის საავიაციო ქარხანა თავისი ღირებულებითა და მნიშვნელობით წინა ხელისუფლების პირობებში „ღამის ნოტარიუსების“ მეშვეობით სახელმწიფოს მიერ წართმეულ ყველაზე მასშტაბურ ქონებას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ 2005 წელს, სახელმწიფოსგან ქონების შესყიდვისას, მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 67 მილიონი აშშ დოლარი იქნა გადახდილი. ამასთან, 2010 წელს, თბილისის საავიაციო ქარხნის სახელმწიფოსთვის ე.წ. „ჩუქების“ დროს საავიაციო ქარხანას გააჩნდა:
1. 55 ჰა მიწის ნაკვეთი (რომელზეც განთავსებულია თავად ქარხანა);
2. აეროდრომი, რომლის ფართობია 217 ჰა;
3. 1,000 ერთეულზე მეტ მანქანა-დანადგარი;
4. 84, 484, 755 ლარის აქტივები;
5. 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მიმდინარე კონტრაქტი.
2010 წელს სახელმწიფო ორგანოთა შეთანხმებული მოქმედებით განხორციელებული ზეწოლის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფინანსური პოლიციისა და იუსტიციის სამინიტროს ჩართულობით, თბილისის საავიაციო ქარხნის მესაკუთრეები აიძულეს უსასყიდლოდ დაეთმოთ ქარხანა სახელმწიფოსთვის.
„გაჩუქება“ აქციონერებზე ფინანსური პოლიციის შენობაში ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა პირდაპირი დავალებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის - კარლო ლაფერაძის კაბინეტში კვირა დღეს მოხდა. ხოლო აქციონერთა ნაწილმა ქონების დათმობა ეკონომიკის სამინისტროს მიერ წინასწარ შერჩეულ ნოტარიუსთან, - ლიანა ბუხრიკიძესთან, ღამის საათებში, სამხედრო პოლიციის წარმომადგენელთა ზედამხედველობის ქვეშ მოახდინა.
იძულების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ის პირები, რომლებიც ასევე ფიგურირებენ სახელმწიფოს მიერ წართმეული სხვადასხვა ქონების, მათ შორის ტელეკომპანიის იმედის საქმეში.
სახელმწიფოს მიერ საავიაციო ქარხნის წართმევის ფაქტი საჯაროდ დადასტურებულია წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ.
საყურადღებოა, რომ ქარხნის იძულებით გაჩუქებას შედეგად მოჰყვა:
- საწარმოო ინფრასტრუქტურის მოშლა;
- დაიკარგა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატები (ISO, EN) და ასობით მილიონი ლარის შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში;
- გაუარესდა საექსპორტო მაჩვენებლები და დაიკარგა მნიშვნელოვანი საგარეო ბაზრები;
- ქარხნის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ტვირთი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზე გადავიდა;
- კვალიფიციური კადრების გადინება.
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კანონიერმა მესაკუთრეებმა სამართლიანობის აღდგენისა და ქონების დაბრუნების მიზნით სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს. თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან პოლიტიკური ნების არ არსებობის, ხოლო სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, შერჩევითი მართლმსაჯულების შედეგად, წართმეული ქონების კანონიერი მესაკუთრეებისათვის დაბრუნება არ მომხდარა.
სასამართლოს 2 ინსტანციაში საქმე 70 თვეზე მეტია რაც იხილება, ეს მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანხმად საქმის განხილვის მაქსიმალური ვადა ერთ ინსტანციაში 5 თვეს შეადგენს. 2 სასამართლო ინსტანციაში საქმის განხილვაში მონაწილეობა 11-მა მოსამართლემ მიიღო. მათი ნაწილის საქმეში ჩართვა და საქმის განხილვიდან ჩამოშორება აბსოლუტურად უკანონოდ განხორცილდა. უფრო მეტიც:
- პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო საქმეში ახლად ჩართულმა მოსამართლემ, რომელიც არ იცნობდა საქმის მასალებს და საქმეზე მხოლოდ ერთი სხდომა ჩაატარა;
- პირველი ინსტანციის სასამართლომ 1 დღეში მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც 10 ტომს და 40 საათზე მეტი ქრონომეტრაჟის სხდომების აუდიოჩანაწერებს მოიცავს;
- განსხვავებით დადგენილი პრაქტიკისაგან, სასამართლომ აღნიშნულ საქმეში დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ ევალება ამტკიცოს საკუთარი კეთილსინდისიერება, მათ შორის ასეთ უცნაურ გარიგებაში. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფოს შეუძლია იყოს არაკეთილსინდისიერი გარიგებაში, რაც ძალზე საშიში პრეცედენტია, გზავნილია საზოგადოებისა და ბიზნესისადმი.
თბილისის საავიაციო ქარხნის კანონიერი მესაკუთრეები გამოიყენებენ ყველა კანონიერ გზას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით.