ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 13-14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.
საიას ინფორმაციით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. არც საიას სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foicourt) და არც ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foiadmin) ასეთი გადაწყვეტილებები არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, ტრენინგის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობა ჟურნალისტურ საქმიანობაში.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ზუგდიდში მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება;
• ინფორმაციის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი კონტროლის საშუალება;
• ინფორმაციის თავისუფლების გავცელების სფერო;
• საჯარო დაწესებულების ცნება, საჯარო ინფორმაციის არსი;
• ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა, საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიები, ზიანისა და საზოგადოებრივი ინტერესის სფერო;
• საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურები, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი;
• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის ინსტიტუტი;
• სასამართლო ორგანოები და ინფორმაციის თავისუფლება;
• საიას მონაცემთა ბაზები, როგორც ინფორმაციის წყარო;
• განცხადების შედგენა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ;
• ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა უარის შემთხვევაში;
• სარჩელის წარდგენა სასამართლოში.