რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დავა მოუგო. მის ინტერესებს საია იცავდა. სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გათავისუფლებული თანამშრომლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სამსახურიდან გათავისუფლებული პირი ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა (ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა). იგი აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ განხორციელდა, რადგან ის პოზიცია, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოში მანამდე იკავებდა, არ იყო გაუქმებული და იგივე ფუნქციური დანიშნულებით კვლავაც არსებობდა.
მოსარჩელე მხარის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს და მისი გათავისუფლება უკანონო იყო. სასამართლოს განმარტებით, მობილობა შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხევაში, თუ კუმულაციურად არსებობს შემდეგი პირობები: 1. სახეზეა დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; 2. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან სდევს შტატების შემცირება; 3. არსებობს შესაბამისი მოხელის თანხმობა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქი თელავის გაერთიანების (შერწყმის) შედეგად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და ჩატარებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ იყო გაუქმებული და არც მისი ფუნქციური დანიშნულება იყო შეცვლილი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა პირი, ხოლო სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელე დაექვემდებარა მობილობას.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მობილობას დაქვემდებარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მას პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების წესის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა შეფასება - კარგი, ხოლო მობილობის წესით მოხელის გადაყვანისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო მოხელის შეფასების შედეგები.