საიას დახმარებით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრე ფულად კომპენსაციას მიიღებს
საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნ.ს-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საიას ადვოკატი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ნ.ს-ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 400 ლარის ოდენობით.
საიას დახმარებით მოქალაქე სახელფასო დავალიანების თანხას მიიღებს
საია-ს თბილისის ადვოკატი მოსარჩელე რ.ჟ-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს - სააქციო საზოგადოება “ლ-ის“, მოსარჩლის სასარგებლოდ დააკისრა 1969 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააქციო საზოგადოების შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჩვენი ბენეფიციარის წინააღმდეგ.
საიას დახმარებით მოქალაქის უძრავ ქონებას იპოთეკა მოეხსნა
საია-ს თბილისის ადვოკატის დახმარებით მოქალაქე ჯ. ტ.-ს უძრავი ქონება განთავისუფლდა სანივთო ვალდებულებისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ჯ. ტ.-სა და გ. შ.-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ჯ. ტ.-ს უძარვი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნაწილში. შედეგად ჯ. ტ.-ს (რომელიც წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) უძრავ ქონებას მოეხსნა 10000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველყოფის მიზნით დადებული იპოთეკა.
საიას დახმარებით იძულებით გადაადგილებული პირი საცხოვრებელ ფართს მიიღებს
საია იცავდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი თ. მ-ს ინტერესებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსაგან მოითხოვდა საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად ფულადი თანხით (10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) დაკმაყოფილებას. აღნიშნული დავა მორიგებით დასრულდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში თ.მ-სა და სამინისტროს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად, თ.მ. და მისი ოჯახი სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ ფართს მიიღებს თეთრიწყაროში, ახლად რეაბილიტირებულ შენობაში.
საიას დახმარებით აფხაზეთიდან დევნილი პირის სასარგებლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ზანის ანაზღაურება დაეკისრა
საია იცავდა აფხაზეთიდან დევნილ რ.გ.-ს ინტერესებს, რომელიც ითხოვდა დევნილის სტატუსის დროული მიუნიჭებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ.გ.-ს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა მის სასარგებლოდ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის აპრილამდე მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება.
საია-ს დახმარებით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი პედაგოგი სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა მასწავლებლის თანამდებობაზე
საია-ს გორის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა ი.ბ-ს ინტერესებს, რომელიც გორის #9 საჯარო სკოლაში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად და ამავე სკოლის დირექტორის ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ი.მ. თვლიდა, რომ ის უკანონოდ გაანთავისუფლეს სამუშაოდან, მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, რასაც მისი მეუღლის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი.ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გორის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება, ი.ბ. აღდგენილ იქნა მასწავლებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდება იძულებით განაცდური ხელფასი. აღნიშნული გადაწყვეტილებით შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან დავა გამომდინარეობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოშობილი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან, მასზე უნდა გავრცელებულიყო სპეციალური რეგულაცია, რაც დადგენილია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმებულიყო არა მხოლოდ შრომის კანონთან მიმართებით, არამედ სპეციალურ კანონთან მიმართებითაც. დამსაქმებელი ვალდებული იყო მიეთითებინა შრომის ხელშეკრულების მოშლის კონკრეტული საფუძველი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. სსიპ გორის #9 სკოლის დირექტორის ბრძანებით ი.ბ. აღდგენილ იქნა სამუშაოზე.
საია-მ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულა
საია-ს აჭარის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა ვ.ა-ს ინტერესებს, რომელიც ჩარიცხულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გეომეტრია-ტიპოლოგიის სპეციალობაზე. მაგრამ ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა და სასწავლო წლის დაწყებისთანავე უარი განაცხადა სწავლის გაგრძელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა და მოითხოვა მისთვის სწავლის გადასახადის დაკისრება. მოსარჩელე მხარემ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ვ.ა-ს მიერ აღნიშნული უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლების ფაქტი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
საია-ს დახმარებით არასრულწლოვნებს ალიმენტი გაეზარდათ
საია-ს გორის ოფისის ადვოკატი მოსარჩელე ე.მ-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში ალიმენტის ოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით. ამავე სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე ა.ე-ს დაკისრებული ჰქონდა არასრულწლოვანი შვილების ა. ე-სა და თ.ე-ს სასარგებლოდ, თითოეულ ბავშვზე ალიმენტის გადახდა 15 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა რა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, არასრულწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ მამას დააკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160 ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია უკვე შესული.
საია-ს დახმარებით მამას არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეები განესაზღვრა
საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ვ.ბ-ს სარჩელი და მას განესაზღვრა არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის დღეები.