23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დასაშვებად სცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი. სარჩელი ეხება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის #66 განკარგულების “ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
აღნიშნული განკარგულების პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავალებს 23 500 000 ლარის გამოყოფას სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებისათვის. მე-2 ნაწილი კი მისი შესრულების კონტროლს ავალებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება არის უკანონო და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ეს ნაწილი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების გზაზე, თუმცა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის #66 განკარგულება "ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" ამ პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორია. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება კი ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს აგრეთვე ქვეყნის დეცენტრალიზაციის ხარისხზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ სარჩელი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას. სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და არსებითად განიხილება 2006 წლის 12 აპრილს.