მომსახურების ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით 2007 წლის 9 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა „შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე სემეკის წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: ,,ისეთი ნორმატიული აქტის მიღებისას, რომლითაც სიკეთით სარგებლობის შეზღუდვები (თუნდაც დროებითი) და სპეციალური პირობები წესდება, კანონმდებელი ვალდებულია, ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, ნათლად ჩამოაყალიბოს შემზღუდველი ნორმების შინაარსი.”
ბუნდოვანია, რა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე მივიდა საკრებულო იმ დასკვნამდე, რომ დასუფთავების მოსაკრებელი უნდა ეფუძნებოდეს მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას. ამგვარი მიდგომა არ შეიძლება ნათლად ჩამოყალიბებულ ნორმად მივიჩნიოთ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საფუძვლად უნდა დაედოს მომხმარებლის უფლებების შეზღუდვას.
ამრიგად, განსახილველი გადაწყვეტილების პროექტი ეწინააღმდეგება როგორც კანონის მოთხოვნებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას და მისი მიღება დაუშვებლად მიგვაჩნია. მოვუწოდებთ თბილისის საკრებულოს წევრებს, არ დაუშვან აღნიშნული აქტის მიღება.