სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თავისუფლების ორი გაგება პანდემიის დროს

2020-04-23 20:09
Featured image

ბრიტანელი პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ისაია ბერლინი ესეში „თავისუფლების ორი გაგება“ საუბრობს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მდგომარეობაზე, რომელსაც ერთი სიტყვა ჰქვია, თუმცა ისინი პოზიტიური და ნეგატიური პრეფიქსებთან ერთად ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან და ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო რეალობებსაც ქმნიან. ვგულისხმობ პოზიტიურ და ნეგატიურ თავისუფლებებს, რომლებიც აგერ უკვე საუკუნეებია სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიებს აფუძნებს და ერთმანეთს უპირისპირებს. 

თავისუფლების ნეგატიურ  ბუნების მნიშვნელობა იგულისხმება პასუხში შეკითხვაზე: როგორია ის სფერო, რომლის ფარგლებშიც სუბიექტს - იქნება ეს ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი - აქვს ან უნდა ჰქონდეს უფლება სხვა ადამიანების მხრიდან ჩარევის გარეშე აკეთის ის, რისი კეთების უნარიც აქვს, ან იყოს ის ვინც მას შეუძლია იყოს. ხოლო, თავისუფლების პოზიტიური გაგება პასუხს სცემს კითხვაზე: რა ან ვინ არის კონტროლის ან ჩარევის წყარო, რა ან ვინ აიძულებს ადამიანს განახორციელოს ეს და არა რომელიმე სხვა მოქმედება, ან იყოს ასეთი და არა სხვანაირი.

ნეგატიური თავისუფლების პირობებში ის სფერო, რომელსაც ნეგატიური თავისუფლება შემოსაზღვრავს ადამიანს აქვს ნების ავტონომია თავად განსაზღვროს კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად არჩევანთა n რაოდენობიდან თავად ისეთი, რომელიც მისთვის ყველაზე სასურველი იქნება. თუკი ადამიანის თავისუფლება ნეგატიურადაა განსაზღვრული იგულისხმება, რომ არსებობს კერძო ავტონომია, და ამ გადმოსახედიდან რა არის ყველაზე სასურველი ადამიანისთვის თავად ამ ადამიანზე უკეთ არავინ იცის. ასეთ დროს იმ სივრცეში რომელსაც ნეგატიური თავისუფლება ჰქვია, ყოველთვის ინდივიდი წყვეტს ვისგან ან რისგან იყოს თავისუფალი. ამისგან განსხვავებით, პოზიტიური თავისუფლების გაგებით, ყოველთვის არსებობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ყოველთვის იციან რა არის ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის სასურველი. სხვა სიტყვებით, ასეთ დროს არსებობს ვიღაც x რომელიც წყვეტს ყოველი ინდივიდისთვის რომელ ქცევას ექნებოდა ისეთი სასარგებლო შედეგი(შესაძლოა ყოველი ინდივიდისთვის თავისთავად ამ ქცევას სხვადასხვა შინაარსი ჰქონდეს) რაც ჯამურად საზოგადოებრივ სიკეთეს მოგვიტანდა. ჩემი აზრით, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია პოზიტიურ თავისუფლებაზე კარგის თქმა, თუკი სიორენ კირკეგორისა და ჟან პოლ სარტრის ფილოსოფიურ ნაშრომებს წავიკითხავთ და მათ ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე არასწორად გავიაზრებთ.

ბოლო დროს საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა თუ როგორ შეუძლია ფაქტობრივ გარემოებებს ადამიანებს შეაცვლევინონ მათი მრწამსი თავისუფლების შესახებ. პანდემიას აქვს ერთი თავისებურება. ასეთ დროს თითქოს უფრო მარტივი ხდება იმის დაჯერება, რომ არსებობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც იციან როგორი ქცევაა სასარგებლო შენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. პანდემია საფრთხეა. საფრთხე სიცოცხლეს ექმნება. საფრთხე რეალურია. ახლოსაა. სამყაროში არსებული ცოდნა გადანაწილებულია. ხოდა, რაც უფრო ახლოსაა საფრთხე, თითქოს მით უფრო ნაკლებია ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობა ლეგიტიმაცია გადავცეთ სხვებს ყველასთვის სასარგებლო ქცევის წესების განსასაზღვრად. არადა პანდემიამდე, ალბათ, ყველაზე ნაკლებად იყვნენ ეს ადამიანები ისინი ვისაც შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა რა არის სასარგებლო ჩვენთვის, საზოგადოებისთვის?! 

სამყაროში მიმდინარე ცვალებადმა ფაქტობრივმა გარემოებებმა შესაძლოა სწრაფად გადააწყოს სოციალური საჭიროებები, კომპეტენტური პროფესიები და სხვა. მაგრამ, თუკი ჩვენ საკუთარ თავს დავაჯერებთ,  რომ ყველა ფაქტობრივ რეალობაში არსებობს ვიღაც, ვინც წყვეტს რომელი ქცევაა სასარგებლო ჩვენთვის და ჩვენ მას ყოველ ჯერზე მივცემთ ლეგიტიმაციას ჩვენი სამოქმედო არეალი შემოფარგლოს სარგებლიანი ქცევის პრინციპით, ჩვენ უბრალოდ უარს ვიტყვით თავისუფლებაზე. ჩვენ ჩვენივე ხელით მივცემთ ვიღაცას ჩვენზე იძულების ძალაუფლებას. ხოლო, ერთხელ ლორდმა ექტონმა თქვა - „ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად!“ 

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას