შეძლებდა თუ არა მსოფლიო ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყო ვირუსთან ბრძოლაში,
თუკი ვირუსის პირველწყაროს თავისუფალი პრესა ეყოლებოდა?!
ამ ბლოგის წერას სახლში ჩაკეტილი ვიწყებ, იმ თავისუფლებებზე ფიქრით, რომლებიც ახლა შეზღუდული მაქვს; იმ თავისუფლებების უფრო დაფასებით, რომელთა მოპოვებისთვის ბრძოლა ისევ გრძელდება. კალენდარზე უკვე დღეებსაც აღარ ვითვლი. ეს მდგომარეობა ნათლად მახსენებს ბირმინგემის ციხიდან მარტინ ლუთერ კინგის წერილის ერთ-ერთ ნაწყვეტს: „ერთ ადგილას უსამართლობა საფრთხეა სამართლიანობისთვის ყველგან. ჩვენ ყველანი ბედისწერის საერთო საფარველის ქვეშ გარდაუვლად ვართ ერთ ბადეში მოქცეულნი. ის, რაც ეხება ერთს, გვეხება ყველას!“
შეძლებდა თუ არა მსოფლიო ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყო ვირუსთან ბრძოლაში, თუკი ვირუსის პირველწყაროს თავისუფალი პრესა ეყოლებოდა?! პანდემიის ყველაზე ადრეული დღეებიდან, როდესაც ჩინეთის მთავრობამ, ისევე, როგორც უკვე შემდგომ პერიოდში არაერთმა სახელმწიფომ, გვაჩვენა მაგალითი, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, პრესის დევნას, ჩაგვრას, შევიწროებას.
დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს.
მაშინ, როდესაც, ჟურნალისტები მსოფლიოს მასშტაბით თავიანთ სიცოცხლესა და თავისუფლებას აყენებდნენ საფრთხის ქვეშ, რათა ვირუსის შესახებ ნებისმიერი გამოსადეგი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის, არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩინეთმა თავდაპირველად საზოგადოებას დაუმალა ვირუსის შესახებ ინფორმაცია, ცენზურის ქვეშ გაატარა მედია რეპორტაჟები, და „ჭორების გავრცელების“ საფუძვლით დააპატიმრა ის ადამიანები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით ავრცელებდნენ ეპიდემიის შესახებ ინფორმაციას. Human Rights Watch-ის თანახმად, ჩინეთის სახელმწიფო შეზღუდვები შეეხო საერთაშორისო მედიასაც, როდესაც მაგალითად BBC-ის ჟურნალისტს ერთ-ერთი პროვინციიდან გაშუქების უფლება არ მიეცა, პოლიციის იმ არგუმენტით, რომ იქ ჟურნალისტების ადგილი არ იყო.
არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ვირუსს დავამარცხებთ, თუ სწორი ინფორმაცია არ გვექნება. დღეს, ისევე როგორც ყველა კრიტიკულ მომენტში, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ ჟურნალისტებს აქვთ; მათ, ვისაც ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით შეუძლიათ, ერთი მხრივ, ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ, ხოლო, მეორე მხრივ, არადემოკრატიული რეჟიმებისთვის „ვაქცინის“ წარმოებას შეუწყონ ხელი. დღევანდელი მსოფლიო მოცემულობა სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვის, პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ერთ დარღვევას ისევე შეიძლება პეპლის ეფექტი ჰქონდეს საყოველთაო დღის წესრიგზე, როგორც ჩვენგან 3849 მილის დაშორებით ჰუბეის პროვინციაში მომზადებული „ღამურის შეჭამანდის“ შესახებ მოლაპარაკე ჟურნალისტების დაპატიმრებას, დევნას, ჩაგვრას; რამაც, ცხადია, სხვა მიზეზებთან ერთად, საბოლოოდ მოგვიყვანა იქ, სადაც ვართ - ანუ პანდემიამდე.
დღევანდელი დღე შეხსენებაა ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომ ჩვენი თავისუფლების მოპოვების გზაზე, სიტყვა - მთავარი იარაღია, ხოლო ჩვენი სათქმელი კიდევ იმ ადამიანების, ჟურნალისტების, რეპორტიორების მიერ გაღებული შრომის შედეგად ფორმირდება, რომლებიც, თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან „ვაქცინას“ ყველა იმ „ვირუსის“ წინააღმდეგ, რომელიც მიზანმიმართულია ადამიანის, არა მიზნად აღქმის, არამედ მისი საშუალებად ქცევისკენ.
დღეს პრესის თავისუფლების დღეა, და ყველას, ვინც თავისუფლების ამ ქოლგის ქვეშ მოიაზრება, მადლობა უნდა ვუთხრათ!
მადლობა!
თამარ ონიანი
სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას