საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გლდანის დაწესებულებაში მოინახულა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფი შვიდი პირი. ყველა მათგანთან დეტალური გასაუბრების საფუძველზე მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს.
პატიმრობაში მყოფი პირებიდან ოთხი აცხადებს, რომ ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვის დროს, პროკურორ შოთა რიჟამაძისა და გამომძიებლების მხრიდან მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკითხვა იწყებოდა საღამოს საათებში და გრძელდებოდა ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი. პატიმრობაში მყოფი პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათნახევარი გრძელდებოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის დაკითხვა მოწმის სტატუსით და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. პატიმრობაში მყოფმა პირებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შ. რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ასევე, უცნობია მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება დაკავებული პირების მიერ ზეწოლასთან დაკავშირებულ განცხადებებს.