2018 წლის 31 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხანდოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელი მაღალმთიანია და ახალქალაქიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელი გამოირჩევა მოსახლეობის მრავალრიცხოვნობით და უმეტესად ეროვნული უმცირესობით (სომხებით) არის დასახლებული.
გასვლითი შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და განათლების დაბალი ხარისხი სოფლის ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული არჩევანის გარეშე ტოვებს, ხელი მიუწვდებოდეთ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის და სოფელთან მისასვლელი გზის გაუმართაობის გამო სოფელი ფაქტობრივად მოწყვეტილია ახლომდებარე ქალაქს, რაც აბრკოლებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში მოსახლეობის ჩართულობას, აგრეთვე მათ მიერ თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სერვისებით სარგებლობას.
სოფელ ხანდოში არსებული ვითარება განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის იქ მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს. გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული საერთო გამოწვევები სრულად არ ასახავს ხანდოს მსგავს სოფლებში ამავე კუთხით არსებულ სირთულეებს. ხანდოში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა, პოლიტიკური აქტიურობა და განვითარება უფრო რთული და მიუწვდომელია ვიდრე საქართველოს ქალაქებში ან განვითარებულ ცენტრებთან უკეთ დაკავშირებულ სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია და განურჩევლად ყველასთვის განვითარების თანაბარი პირობების შექმნა. მიუხედავად ამ გამოწვევისა, არის პრობლემები, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების სამინისტროს თუ სხვა უწყებების მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას ან განუზომლად დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს. თუმცა, ამგვარი პრობლემებიც კი ადგილებზე მოუგვარებელი რჩება.
სოფელ ხანდოში საბაზისო საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველყოფისთვის, საია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით მიმართავს ყველა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას, კერძოდ:
- განათლების სამინისტროს, უზრუნველყოს სოფლის სკოლაში ინგლისური ენის სწავლების აღდგენა, რაც ბოლო რამდენიმე წელია შეწყვეტილია სკოლაში პედაგოგის არყოფნის გამო.
- ადგილობრივ თვითმმართველობას, უზრუნველყოს სოფელში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულფასოვანი ამოქმედება, აგრეთვე, სოფელში მისასვლელი გზის მშენებლობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყოფა, რომელიც სოფელს ახალქალაქთან დააკავშირებს.
საია აგრძელებს ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში გასვლით შეხვედრებს, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ადვოკატირება.