სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სოციალურად დაუცველი ჯგუფების პოლიტიკური წარმომადგენლობის პრობლემა - მიზეზები და გადაჭრის გზები

2023-05-30 16:04
Featured image

პოლიტიკური თანასწორობის დონე გვაჩვენებს, რა სახის დემოკრატიაა სახელმწიფოში. როგორც წესი, სოციალური ნდობა პოლიტიკური სისტემის მიმართ მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიის მხარდასაჭერად. პოლიტიკის მეცნიერების - ლიფსეტისა და პრზევორსკის ცნობილ თეზისებშიც ეს იგულისხმება, როდესაც ისინი ამბობენ „რაც უფრო ეკონომიკურად ძლიერია სახელმწიფო, მით მეტია ალბათობა, რომ დემოკრატია ჩამოყალიბდეს ან დემოკრატიული რეჟიმი შენარჩუნდეს“ (1959, 1997). თუმცა, ყველა მდიდარი სახელმწიფო არ აყალიბებს დემოკრატიულ რეჟიმს, რადგან ამისთვის საჭიროა როგორც საერთო ანუ სახალხო ნება, ისე პოლიტიკური ელიტების მზაობა, შექმნან იმგვარი ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეებს საჯარო სიკეთეებს თანაბრად უნაწილებს. 

თანასწორუფლებიანობაზე ორიენტირებული ინსტიტუტები სოციალურ ნდობას აჩენენ მოქალაქეებს შორის და მათ პოლიტიკურ მონაწილეობას ზრდიან დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად. ეს არის დემოკრატიული კონსოლიდაციის წარმატებული მაგალითი, რასაც ევროკავშირის ქვეყნებმა და, განსაკუთრებით, სკანდინავიურმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს. მათ მოიხსენიებენ კეთილდღეობასა და თანასწორუფლებიანობაზე ორიენტირებულ დემოკრატიებად. საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაც და მისი თანმხლები პროცესიც ამ წარმატებისკენ მიმავალი გზაა. 

როგორია არსებული სტატუს-კვო სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით საქართველოში?  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მკვლევართა გუნდმა ჩაატარა კვლევა პოლიტიკური თანასწორობის შესახებ სხვადასხვა ნიშნით დაუცველ ჯგუფებზე. ამ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი სეგმენტი სოციალურად დაუცველი პირები არიან. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხვი, რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები  ოჯახების რაოდენობა მაღალია და, წლების მიხედვით, ამ ჯგუფების სახელმწიფოზე დამოკიდებულება იზრდება (იხ. 1-ლი და მე-2 დიაგრამები).  

 

დიაგრამა 1. მონაცემები დამუშავებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე. დიაგრამაზე მოცემულია სოციალური პაკეტის მიმღებ კაცთა რაოდენობა საქართველოში 2012-2022 წლების მონაცემებით.

დიაგრამა 2საქართველოში ოჯახების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობის მიღების მიზნით არიან რეგისტრირებულნი ან იღებენ საარსებო შემწეობას. მონაცემები ეკუთვნის და დამუშავებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ. 

 

რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს მოცემულობა? ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ოჯახი სოციალურად დაუცველია. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ოჯახის (სტატისტიკოსები მას შინამეურნეობას უწოდებენ) საშუალო ზომას, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ნახევარი მილიონი. არც სტატისტიკის ეროვნული სამსახური და არც ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი საარჩევნო უფლების მქონე პირია სოციალურად დაუცველი. ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, ვინაიდან ის უკავშირდება დემოკრატიის ფუნდამენტს - არჩევნებს და მის ლეგიტიმურობას, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებაზე, ჰქონდეს ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები. 

სოციალურად დაუცველი ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოქალაქეების ეს სეგმენტი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხვდება სხვადასხვა აქტორთა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ისინი, როგორც წესი, არ მონაწილეობენ  მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც სათანადო განათლებისა და პროფესიული უნარების არქონითაც არის განპირობებული. 

მათი მდგომარეობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ავლენს, რომ სოციალურად დაუცველი თუ სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი პირებისთვის სახელმწიფომ უნდა შეამსუბუქოს ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც, შესაძლოა, ეს ჯგუფები სახელმწიფოს სოციალური დახმარების მიღმა დარჩნენ. მაგალითად, ყველა მოქალაქეს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ პირებს აქვთ ალტერნატიულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, ხოლო ის გარემოება, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი ტექნიკური საშუალების ფლობა შეიძლება გახდეს მათთვის შემწეობის მოხსნის საფუძველი, ხელს უშლის ამ უფლებების განხორციელებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიზანს ეწინააღმდეგება პრაქტიკა, რომელიც მათ უკრძალავს დახმარების მიღების პარალელურად დასაქმებას დაბალ ან საშუალოდ ანაზღაურებად სამუშაოებზე. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულების მინიჭების სისტემა კი ეწინააღმდეგება სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის მიზნებს, რადგან ის სიღარიბის აღმოფხვრას არ უწყობს ხელს. კვლევის ფარგლებში გამოკითხული სოციალურად დაუცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ მათ წვდომა არ აქვთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე და არ გააჩნიათ განათლების მიღებისთვის საჭირო პირობები, რაც მათ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში დატოვებას ნიშნავს.

საგანგაშოა, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან სოციალურად დაუცველი ჯგუფების პრობლემების ინსტრუმენტალიზაცია ხდება პოლიტიკური მიზნებით, განსაკუთრებით,წინასაარჩევნოდ. ამ ჯგუფის პოზიცია სოციუმში საკმაოდ მყიფეა. ამდენად, ყოველგვარი ზედმეტი გარე ძალისხმევის გარეშე ისინი თვითცენზურასაც კი მიმართავენ იმის შიშით, რომ არსებული დახმარება არ დაკარგონ. საკმაოდ დაბალია მათი ნდობის ხარისხი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ისინი არჩევენ, საკუთარი უფლებების დასაცავად არ მიმართონ ამ ინსტიტუტებს, მათ შორის, სასამართლოს, რადგან ეს დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან ბუნდოვანი შედეგის პირობებში. სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ასევე არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან, ხოლო სახელმწიფოსთან მათი კომუნიკაციის ფორმატები გაუმართავია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად მოწყვლადი პირების სათემო ორგანიზაციების აქტიურობა და სოციალური ხასიათის მობილიზაციის გაძლიერება მათი ინტერესების უკეთ წარმოსადგენად. მაგალითად, საიას მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების პროტესტის ინტენსივობა და მათი გაშუქების სიხშირე მედიაში მცირეა. ეს, შესაძლოა, აიხსნას იმით, რომ ეს ჯგუფები ერიდებიან სახელმწიფოსთან კონფრონტაციას საპასუხო სასჯელის შიშით. გარდა ამისა, მათ არასაკმარისი კომუნიკაცია აქვთ თავიანთ სათემო ორგანიზაციებთან, რის გამოც, ვერ იღებენ მათგან სათანადო მხარდაჭერას. არსებული სტატუს-კვო შემაშფოთებელია, ვინაიდან ამ ჯგუფების მრავალმხრივი ინსტრუმენტალიზაცია ხდება. 

მათთან ჩაწერილი ინტერვიუების ტექსტური ანალიზი აჩვენებს, რომ სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის უარყოფისა და გამოთიშვის თემა აქტუალურია, რადგან მათი წუხილების შესწავლით ხუთი მოწინავე სიტყვა გამოიკვეთა: არ, არის, უნდა, მე, ეს (იხ. დიაგრამა 3). ამასთანავე, მათი აღქმების ანალიზი მიუთითებს სოციალურად დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის ცვლილების საჭიროებაზე. 

 

დიაგრამა 3სოციალურად დაუცველ ჯგუფთა ინტერვიუებში სიტყვათა სიხშირული ანალიზი

 

რა უნდა შეიცვალოს სოციალურად დაუცველი ჯგუფების პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად? 

პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება, რომ სოციალურად დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდეს. ასევე, რესურსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას - იგულისხმება მათი განათლება და პროფესიული გადამზადება, აგრეთვე ჯანდაცვის სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა. პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს სოციალურად დაუცველი ჯგუფების ნდობა პოლიტიკური პროცესების მიმართ, რათა არსებული საკანონმდებლო თუ პრაქტიკული მექანიზმები სასურველი შედეგების მისაღწევად გამოიყენონ. 

დაბოლოს, სოციალურად დაუცველი ჯგუფების სათემო ორგანიზაციები ყურადღებით უნდა უსმენდნენ და იგებდნენ ამ ჯგუფების მოთხოვნებს, რათა სახელმწიფო დაარწმუნონ არსებული სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, დემოკრატიის მშენებლობასა და ხელშეწყობაზე მიმართული საერთაშორისო დახმარებების ცენტრალური ფოკუსი სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა უნდა გახდეს, რათა არადემოკრატიული მიზნებისთვის მათი გამოყენება ნაკლებად შესაძლებელი იყოს. სოციალურად დაცული ფენა კი დემოკრატიული პროცესების გამაძლიერებელი იქნება. როგორც ამერიკელი პოლიტიკის სოციოლოგი ბარინგტონ მური წერდა თავის ნაშრომში „დიქტატურისა და დემოკრატიის სოციალური საწყისები“ – „არ არის საშუალო ფენა, არ არის დემოკრატია“.   

 

ავტროი: ზარინა ბურკაძე, პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის გენერალური მდივანი, პოლიტიკის მეცნიერი, მკვლევარი